
სპორტსმენების უკმაყოფილება ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც კურტანიძემ ნაკრების მწვრთვნელები გაათავისუფლა.
მოჭიდავეების ნაწილი მწვრთვნელების უკან დაბრუნებას, ნაწილი კი დამატებით ლუკა კურტანიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
„ეს პიროვნება არ არის საპრეზიდენტო და არაა ის ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია გაუძღვეს ჩვენი სტილის მოჭიდავეებს.
ძალიან სუსტია მენეჯმენტში, არ გააჩნია ორგანიზების ნიჭი, ბიჭებთან ურთიერთობა არ აქვს. ვფიქრობ, ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან და მოიძებნოს ისეთი ადამიანი, ვისაც ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობა ეყვარება”, - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.
ცნობისთვის: ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ბეგი დარჩია და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთვნელი რევაზ მინდორაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ, რის მიზეზადაც მსოფლიო ჩემპიონატზე არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაასახელა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გადაგომას არ აპირებს, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და ნაკრებების ახალ მწვრთვნელებს ორშაბათს დაასახელებს.
„გამოსავალი ერთია. ერთად განვაახლოთ გუნდი და არა ვინმესთვის ხელის კვრით. ერთობლივად გავაუმჯობესოთ შედეგი იმისთვის, რომ 2015-2016 წელი წარმატებული იყოს.
ვნებათაღელვას ერთობლივი და სასიკეთო გადაწყვეტილებები სჯობს.
ვიზრუნოთ იმაზე, რომ იყოს შედეგი. ყველასთან საუბარია შესაძლებელი, ვინც მდგომარეობას ადეკვატურად აფასებს, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას – ცვლილებები, რომელიც აუცილებელია განხორციელდება”, – განაცხადა კურტანიძემ.