
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც მედია კრიტიკას და კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, ჟურნალისტები აფასებენ.
ლევან ჯავახიშვილი (ტელეკომპანია „იმედი“):
„ნებისმიერი გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ მის პროფესიონალიზმს. რაც შეეხება კონტროლს, კონტროლი არ უნდა ხორციელდებოდეს.
ჩვენ ეს გამოვიარეთ და არ გვინდა დაბრუნება.
კრიტიკას რაც შეეხება, ხან შეიძლება ჟურნალისტმა გააკრიტიკოს მთავრობის წევრი და პირიქით, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ კონტროლს რომ უნდა ექვემდებარებოდნენ ჟურნალისტები, ეს არ არის სწორი განცხადება.“
თენგიზ გოგოტიშვილი („რუსთავი 2“):
„დეტალურად არ გავცნობივარ მის განცხადებას, რაღაცებს მოვკარი თვალი.
ჟურნალისტი რომ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, არ მიმაჩნია სწორად.
რაც გამოჩნდა ივანიშვილი, თავიდანვე დაიწყო ჟურნალისტების კრიტიკა, არ მოსწონდა, ისევე როგორც პარტიები.
პარტიებზე ამბობდა, შუა უნდა გაიკაფოსო, რაც პრინციპში მოხდა და ჟურნალისტებისთვის ჯერჯერობით არ აუსრულებია. ვნახოთ, რას იზამს და რა მოხდება.“
ია ანთაძე (მედია-ექსპერტი):
„წავიკითხე ეს განცხადება და ვხედავ ძალიან შეშფოთებულები არიან კოლეგები, მაგრამ რამე ახალს ამ განცხადებაში ვერ ვხედავ.
ეს დაახლოებით იმ ტიპის განცხადებაა, რაც ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მაშინ, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო და ვფიქრობ, მისი ამ ტიპის განცხადებები მედიის მუშაობას ხელს არ უშლის.
საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა იმისთვის, რომ ბრმად არ ენდოს არც ჟურნალისტებს და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს. საგანგაშოს ვერ ვხედავ ამ განცხადებაში.
რა არის სწორი და რა არა, ძნელი სათქმელია, რადგან მედიის ერთი ნაწილი იმსახურებს კრიტიკას და მეორე - ნდობას.
ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ. უნდა შევთანხმდეთ, რა არის ხარისხიანი და რა - უხარისხო.
„ასავალ-დასავალი“ თუ არის საუკეთესო და „ბათუმელები“ და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალები ცუდია და ამაზე ვიდავებთ, ვერაფერზე შევთანხმდებით.“
ambebi.ge