
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე ვრცელი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ უკვე გააცნეს.
„ეს ინტერვიუ პრეზიდენტს გავაცანი. ერთადერთი, რაც მან მითხრა - თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობო“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა, თიკო მჟავანაძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც „კონკურენტს“ განიხილავს და „უნდა მას ხელი შეუშალოს“.
ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აზიანებს.
ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი უნდა მიხვდეს.