-
2014-09-08 01:58
"ახლა ხომ გესმით, რატომ იწვევენ წიგნები ასეთ სიძულვილსა და შიშს! ისინი გვიჩვენებენ ფორმებს ცხოვრების სახეზე. ფუფუნების მაძიებელთ კი უნდათ, მხოლოდ სანთელივით დაწმენდილ, უფერო, უბეწვო და არაფრისმთქმელ სახეს უყურონ" - რეი ბრედბერი – "451 გრადუსი ფარეინჰეიტით".
როცა გვესმის სიტყვები – გამორთე ეგ კომპიუტერი და ცოტა ხნით მაინც გადაშალე წიგნი! – ძალაუნებურად ვღიზიანდებით, ან რა დროს წიგნის შლა და მით უმეტეს კითხვაა, როცა ონლაინ თამაშს თამაშობ, რომელსაც ვერ დააპაუზებ, რომელიც ყველა რომანზე რეალურია, იმიტომ რომ თავად წარმართავ ყველაფერს და რომლისგანაც იმაზე მეტ სიამოვნებას თუ ადრენალინს იღებ, ერთად აღებული ყველა წიგნისგან რომ ვერ მიიღებდი!
წიგნი არა, ბოტი! ან რატომ უნდა გადაშალო, მე შენ გეტყვი და ყველა იმ კითხვაზე პასუხები ანბანისებური წესრიგითაა ჩამოწიკწიკებული, ცხოვრების განმავლობაში თავს რომ გვატკიებს და გულზე ლოდად გვაწვება!
არა, ეს ძველად იყო რომ წიგნი სიჭკვიანის აუცილებელ წინაპირობად ეგულებოდათ და თუ არაფერი გქონდა გადაშლილი (ერთი-ორი გაყვითლებული პერგამენტი მაინც) არავინ არაფრად მიგიჩნევდა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ახლა კაცობრიობა ევოლვირდა და მიხვდა, რომ წიგნი საჭიროზე მეტად ზედმეტია და სასიამოვნოზე მეტად თავის ტკივილი.
რაღა დროს თავის ტკივილია აიფონების, აიპოდების, აიპადების, ლეპტოპებისა და ინტერნეტის ხანაში, როცა ყველაფერი იქითკენაა მიმართული, რომ ადამიანს საფიქრალი შეუმციროს და რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნას. წაიკითხავ რომელიმე ლიტერატურულ შედევრს და რა გრჩება? იმედგაცრუება, იმიტომ რომ თითქმის ყველა მათგანი ადამიანის მანკიერ მხარეს დაუნდობლად აშიშვლებს და შენც ითრგუნები!
ამას არ ჯობია, დიდი ჰოლივუდელი რეჟისორების ჰეფიენდურ ფილმებს უყურო და დარწმუნდე, რომ ცხოვრება მშვენიერია და შენს ბედნიერებას არაფერი ემუქრება? ან რას გადავეკიდეთ ფილმებს, თითქოს სხვა გასართობი არ არსებობდეს ჩვენს ინფორმაციულ საუკუნეში! მე შენ გეტყვი და, ინტერნეტი მოწყენის საშუალებას მოგცემს. მერედა რამდენი საინტერესო რამის დაგუგლვა შეიძლება, რამდენი გაუგონარი ინფორმაციის მოძიება, რომელიც პირს გაოცებისგან ჩაგაღებინებს და თვალებს გაგიფართოებს.
აი, ესაა მთავარი, გართობა და არა ზედმტი ფიქრისგან თავის ატკიება, ჩვენი საუკუნე გასართობების საუკუნეა და რაც ნაკლები დრო დაგვრჩება ფიქრისთვის, მით უკეთესი! წიგნი კიდევ ფიქრის უპირველესი მოკავშირეა.
ავტორის სათქმელზე, მის ჩახლართულ ალეგორია-მეტაფორებზე ფიქრს, არ ჯობია, თვალი გაახარო და გონება არ გააღიზიანო? ჩართე იუთუბი ან რომელიმე სათავგადასავლო ჟანრის ფილმს უყურე, თუნდაც კინოთეატრში, ტრიდე სათვალეებით, რათა უფრო სრულყოფილად დაიტკბო თვალი სპეცეფექტებით, გონებას ოდნავადაც რომ არ აწუხებს.
რაც უფრო ნაკლებს ფიქრობ, მით უფრო ბედნიერი ხარ, ამ დასკვნის გამოტანას მეცნიერული წიაღსვლები სულაც არ სჭირდება, ამიტომ გააგრძელე ონლაინ თამაში შენს მეგობრებთან და წიგნს „ნივიჟუ“ ჩაურტყი, თუ, რა თქმა უნდა, გინდა, რომ ბედნიერი იყო, ანუ ბევრი არ იფიქრო.
ავტორი: ბექა ბერულავა, წყარო: "არტსაიდი"