
თუკი დაძაბული და ნაყოფიერი წლის შემდეგ გემრიელი დასვენება გადაწყვიტეთ და გულის სიღრმეში მაინც თვლით, რომ „გადასატვირთად“ და გონების გასავარჯიშებლად დროის ეგზოტიკურად გატარება გჭირდებათ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოძებნით უცნაურ „გასართობს“.
იაპონიაში მოქმედებს უჩვეულო რესტორანი „ნიატამორი“, რომლის მესვეურებმა სასარგებლოს სასიამოვნო შეუხამეს, ძველ იაპონურ ტრადიციას დაესესხნენ და არც მოტყუვდნენ: მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია უამრავ ცნობისმოყვარე ადამიანს იზიდავს.
„ნიატამორი“ იაპონურად ქალის სხეულის ხელოვნებას ნიშნავს და სტუმრებს ნაციონალური სუშის მირთმევას პირდაპირ შიშველი გოგონას სხეულიდან სთავაზობს. სანახაობა რომ ეგზოტიკური იქნება, ამაში ორი აზრი არ არსებობს.
მით უფრო, რომ ასეთი ტიპის რესტორანში „ლანგარის როლზე“ პრეტენდენტთა შერჩევა საკმაოდ მკაცრად ხდება: გოგონა მოდელის გარეგნობას უნდა აკმაყოფილებდეს, ქალიშვილი უნდა იყოს და შეძლოს მაგიდაზე გაუნძრევლად საათობით წოლა, ამასთან რეაქცია არ ჰქონდეს მაგიდასთან მსხდომთა საუბარზე და ჩხირებით ჩხვლეტაზე, რომლითაც სუშის მიირთმევენ.
ამბობენ, სუფრაზე შიშველი, ეგზოტიკურად მორთულ-მოკაზმული ქალიშვილის ხილვის შემდეგ სხეულზე დაწყობილი და სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი სუში განსაკუთრებულად გემრიელი ხდება.
იაპონურ რესტორანში სტუმრებისთვის გარკვეული აკრძალვაც მოქმედებს: მათ არ აქვთ უფლება გოგონას გაესაუბრონ და თავის მხრივ, გოგონასაც ეკრძალება რესტორნის სტუმრებთან ნებისმიერი სახის კონტაქტში შესვლა.
„ნიატამორის“ იაპონურ ნოვაციას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, კონცეფციის მოწინააღმდეგეთა აზრით, სუფრაზე თეფშის ნაცვლად ახალგაზრდა ქალის „გამოყენება“ ადამიანის უფლებას ლახავს. ამის საპირისპიროდ, იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ „ნიატამორში“ - ქალის სილამაზის და გემრიელი საკვების ზეიმია.