
მომღერალი ბესიკ კალანდაძე ეჭვობს, რომ ყოფილი მეუღლე ციცინო შურღაია მას თანაცხოვრების პერიოდში თანდათანობით წამლავდა, რათა მისი იმუნიტეტი დაექვეითებინა. მომღერლის თქმით, მან მოსკოვის კლინიკაში გამოკვლევა ჩაიტარა და დადასტურდა, რომ იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს, რამაც წონაში მომატება და სხვა პრობლემები გამოიწვია.
ამის შესახებ ბესიკ კალანდაძემ გადაცემაში "ნანუკას შოუ" განაცხადა. ბრალდების დროს სტუდიაში თავად ციცინო შურღაიაც იმყოფებოდა. ბესიკ კალანდაძის თქმით, მისი ეჭვი მას შემდეგ დადასტურდა, რაც მოსკოვში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
"ვინც მე მიცნობს, იცის, რომ მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი, ძალიან ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ ახლა წონაში მომატება და პრობლემები დამეწყო. არსებობს იმუნიტეტის დამაქვეითებელი პრეპარატი, რომელიც უსუნო, უფერო და გამჭვირვალეა, ეჭვი მაქვს, რომ ეს ქალბატონი ამ პრეპარატს ჩემთან მიმართებაში იყენებდა".
ციცინო შურღაიამ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ბესიკ კალანდაძე სამკურნალოა, თავის მხრივ, იგივე განაცხადა მომღერალმაც და ციცინო შურღაიას "პარანოიზმით დაავადებული" უწოდა.
ამავე შოუში ბესიკ კალანდაძემ განაცხადა, რომ ციცინო შურღაიასთან შერიგება შეუძლებელია, შესაბამისად, უარი თქვა წამყვანის შეთავაზებაზე შერიგების შესახებ. ციცინო შურღაიამ ბოლოს სტუდია დატოვა: "მე მრცხვენია ბესოს გვერდით ჯდომა და თქვენი ნებართვით, გავალ", - განაცხადა მან, რასაც ბესო კალანდაძის რეპლიკა მოჰყვა: "ჰოდა, წადი, აქედანაც და ჩემი ცხოვრებიდანაც".