
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობა რადარებიდან მართებული შეფასება იყო და ეს ადგილობრივი თვითმმაღთველობის შედეგებმა დაადასტურა.
"აღარ არის "ნაციონალური მოძრაობა", გაქრა "ნაციონალური მოძრაობა", ის აღარ არის მეორე პოლიტიკური პარტია, ეს მითი გაქრა და ამაში მაშინ დარწმუნდებით, როცა საკრებულოები დაკომპლექტდება და ნახავთ, რომ იქ "ქართული ოცნება" აბსოლუტური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა და შეეკამათა "მაესტროს" "ცხრიანის" წამყვანებს ნინო ჟიჟილაშვილსა და ვახო სანაიას, რომლებმაც მათ შეკითხვა დაუსვეს, როგორ ახსნის ხიდაშელი პრემიერის განცხადებას რადარებიდან "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობის შესახებ, მაშინ როცა ნიკა მელიასთვის მიცემული ხმების მაჩვენებელი 27%-ია.
"ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ვერ ერკვევით არჩევნების ანაბანაში, რადგან თქვენ ახლა შეცდომაში შეგყავთ მაყურებელი, იმედი მაქვს, შეუგნებლად. ნიკა მელიას ან ნებისმიერი კანდიდატის მაჩვენებელი არ არის პარტიის რეიტინგი, პარტიის რეიტინგი დადგინდება მაშინ, როცა საკრებულოები დაკომპლექტდება. ჩვენ უკვე დავთვალეთ, რადგან უკვე გვაქვს ყველა ოქმის შედეგები და ეს ნიშნული იქნება ერთნიშნა "ნაციონალური მოძრაობისთვის" - ეს არის იმის მტკიცება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რადარებიდან ქრება", - აღნიშნა "
მაესტროს" ეთერში თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, იმ ოლქების უმრავლესობაში, სადაც მეორე ტური დაინიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი: "21 მეორე ტურიდან "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ 8-შია წარმოდგენილი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მანვე "მაესტროს" ეთერში პასუხი გასცა შეკითხვას, რას და რატომ ულოცავდნენ დავით ნარმანიას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური:
"რას ულოცავდნენ, მეორე ტურში გადასვლას?", - იკითხა ვახო სანაიამ, რაზეც თინა ხიდაშელმა უპასუხა: "დიახ, ულოცავდნენ იმას, რომ საკრებულოების 75% დაკომპლექტდება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებით და იმას, რომ ჩვენ ყველგან გავიმარჯვეთ", - თქვა ხიდაშელმა "მაესტროში".