
ზუგდიდის მაცხოვრისკარის ეკლესიის დეკანოზი გიორგი ჯგუშია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატის ირაკლი გოგოხიას წინასაარჩევნო კლიპში მონაწილეობს და აცხადებს, რომ მას ენდობა, ასევე მიმართავს მოსახლეობას და ამბობს, რომ იმედი აქვს, ირაკლი გოგოხიასთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მათი ნებაც იქნება.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასულიერო პირი ღიად და პერსონალურად, საარჩევნო კლიპის სახით მონაწილეობს პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის წინასაარჩევნო კამპანიაში. მანამდე ცალკეული კანდიდატები, საქართველოს მასშტაბით, კლიპებში იყენებდნენ ეკლესიასთან და სასულიერო პირებთან თავიანთი დამოკიდებულების ამსახველ კადრებს, თუმცა, აქამდე სასულიერო პირს ღიად არავისთვის მოუწოდებია ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერისკენ.
კლიპში დეკანოზი გიორგი ჯგუშია ამბობს, რომ გამგებლობის კანდიდატის მეგობარია, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოცემა "ლაივპრესი" დაინტერესდა, იყო თუ არა კლიპში მონაწილეობა სინოდის განჩინების დარღვევა, გიორგი ჯგუშია აცხადებს, რომ გოგოხია მისი სულიერი შვილია, მამას კი უფლება აქვს შვილზე ან ცუდი თქვას, ამ კარგი:
"ირაკლი ჩემი სულიერი შვილია. როგორი მამა ვიქნები, თუ შვილზე რამე არ ვთქვი, ან კარგი, ან ცუდი. მე ძალიან წრფელი გულით ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი ირაკლიზე.
ის რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი ბევრად უფრო გამიხარდებოდა შინაგანად, მაგრამ ოცნება არ არის ჩემთვის, რაღაც დამანგრეველი ორგანიზაცია. ამიტომაც მართალი გითხრათ ამისთის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.
მე მგონია, რომ განჩინება არ დამირღვევია, თუ დავარღვიე ამაზე მიმითითებენ. მაგრამ არაფრით არ შეიძლება მამას შვილზე რამის თქმა აეკრძალოს. მე მას ნდობა გამოვუცხადე და ამის არ მეშინია და მზად ვარ ეს კიდევ ერთხელ დავადასტურო, თუნდაც სინოდის წინაშე. ეს დარღვევა არ არის, ეს პოლიტიკაში ჩარევა არ არის“, - უთხრა დეკანოზმა გამოცემა "ლაივპრესს".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისის განჩინების თანახმად, მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქციაში: „ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.
livepress.ge-ს მიხედვით