-
2014-06-09 13:13
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პოლიციამ კერძო სახლში გამართული „ივენთიდან“ 16 ახალგაზრდა ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გადაიყვანა.
„არავინ ჰყავთ ნარკოლოგიურში შეყვანილი, პოლიციის მანქანებში ჰყავთ, აქ არის დაახლოებით 16-მდე გოგონა და ბიჭი, ახალგაზრდები არიან ყველანი, ძირითადად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მომუშავე გუნდია. ჰქონდათ ფართი და კერძო საკუთრებაში შევიდა პოლიცია“, - აცხადებდა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანი.
დღეს „ფეისბუქში“ დაიგეგმა აქცია „შარდში ვერ იპოვი კრიმინალს“, რომლის წევრებიც საღამოს 8 საათზე კანცელარიასთან შეიკრიბებიან და ქილებით შარდს მიიტანენ.
„პოლიცია შეიჭრა კერძო სახლში, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი იყო შეკრებილი დახურულ წვეულებაზე, 16 ადამიანი დააკავა და გადაიყვანა ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით. თუკი შარდით განისაზღვრება ადამიანის კრიმინალური სტატუსი, მაშინ ჩვენ მოგიტანთ ჩვენს შარდს შესამოწმებლად.
დღეს, საღამოს რვა საათზე (20:00), ყველა მივდივართ კანცელარიასთან, მიგვაქვს ქილით შარდი და ვალაგებთ კანცელარიის წინ. მარტივი აქციაა და ნუ დაგეზარებათ, რადგან ხელისუფლება არათუ არ აპირებს ნარკოპოლიტიკის გადახედვას, არამედ უკვე სახლებში გვივარდება“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
https://www.facebook.com/events/632536560174126/?source=73