-
2014-06-09 04:11
„შეცდომა მაშინაა მექანიკური, როცა იტყვი და ინანებ, თორემ თუ გვერდით სოფელშიც გაიმეორებ, უკვე პოლიტიკური პლატფორმაა“, - ჟურნალისტ თენგიზ გოგოტიშვილის სიუჟეტში, რომელიც „რუსთავი-2“-ის ეთერში, გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი“ გავიდა, ბოლო კვირის განმავლობაში პრემიერის მიერ გაჟღერებული საჯარო გზავნილები შეჯამდა.
„სანამ გურიას სტიქია გადაუვლიდა, ამ კუთხეს პოლიტიკურმა ქარიშხალმა გადაუარა“, - ასე აღწერს სიუჟეტის ავტორი გურიაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე პრემიერის სხვა მოსაზრებებსაც აანალიზებს.
კონკრეტულად, თენგიზ გოგოტიშვილი ეხება ღარიბაშვილის განმარტებას იმის შესახებ, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების არდაშვებაზე განცხადება არა როგორც პრემიერმინისტრმა, არამედ, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გააკეთა.