
ინფორმაცია ამის შესახებ გვიან ღამით თურქულ ინტერნეტ გამოცემებზე დაყრდნობით "გურიანიუსმა" გაავრცელა. ტრაგედია დღიური სამუშაოს შესრულების დროს დატრიალდა - 23 წლის არჩილ გეგიძეს მოჭრილი ხე დაეცა.
უბედური შემთხვევის შემდეგ ორმა ქართველმა მეგობარმა იგი ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე მიიყვანა და გამვლელი მანქანის მძღოლს შველა სთხოვა. მძღოლმა დაშავებული სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოცემა haber.stargazete.com-ის ცნობით, ორ ქართველს, რომელმაც დაღუპული გამვლელ მძღოლს გადასცეს, ამ დროისათვის პოლიცია ეძებს. მომხდართან დაკავშირებით კი სამართალდამცველები უკვე აწარმოებენ გამოძიებას.
გეგიძის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას თურქეთში. საქმის კურსშია დაღუპულის ოჯახიც. მას საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.
თურქული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში მილიონამდე არალეგალი იმყოფება, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი მნიშვნელოვანია. მხოლოდ თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონებში ათი ათასამდე არალეგალია დასაქმებული ჩაის პლანტაციებში და დამსაქმებლებისგან ისინი არანაირ სამედიცინო და უსაფრთხოების დაზღვევას არ იღებენ.
მათი პირობები საკმაოდ მძიმეა და ანაზღაურება დაბალი. ჩაის კრეფაზე დასაქმებული ერთი ადამიანი, რომელიც დილის ექვსი საათიდან მუშაობს მაქსიმუმ 50 ლარის ექვივალენტს იღებს, როცა ადგილობრივი მუშების ანაზღაურება 80 ლარს და უფრო მეტს აღწევს.
"გურიანიუსი"