
შუა თბილისში, ორთაჭალაში, არის ერთი აღმართი, სადაც მდგარი ვერაფრით დაიჯერებ, რომ არა უკაცრიელ კუნძულზე, არამედ მილიონნახევრიან ქალაქში ხარ, რომელიც შენ ქვემოთ სულ 20 წუთის სავალზეა.
რატომ ჩნდება ეს შეგრძნება? უბრალოდ, აქ მხოლოდ პიტალო კლდეებია და ერთადერთი დაფხავებულ-ჩამოტყავებული ნაგებობა, რომელიც თანამედროვეობიდან დაკარგულთა თავშესაფარს მოჰგავს... პრინციპში, შეიძლება ასეც იყოს, - ნაგებობის იმ ბინაში, რომელშიც მე გახლდით, საუკუნის ყველა პროგრესი უარყოფილია...
ერთადერთი "ამქვეყნიური" აქ კომპიუტერია, რომლის "მაუსი" იატაკიდან დაახლოებით7-მეტრიანი სადენით არის მიერთებული ჭერზე ჩამოკიდებულ პროცესორთან. ეს კი იმიტომ არის საჭირო, რომ სხვადასხვა უცნაური ნივთებით გადავსებულ ფართში მისი ადგილი აღარ არის... ამ ყველაფერთან ერთად აქ მწოლიარე კაციც ცხოვრობს, რომელიც გასაღებებს ან სხვადასხვა მსგავს ნივთებს აკეთებს.
ამ საქმიანობისთვის მას საწოლის მთელ სიგრძეზე, დაზგა აქვს მიმონტაჟებული. დაზგა მოძრავია. კაცს შეუძლია წამოჯდეს, ეს დაზგა თავისთან მიიწიოს და შრომას შეუდგეს. ამასობაში ოთახში ისედაც დახუთული ჰაერი რკინის ნაქლიბის მტვრითა და სუნით ივსება…
ამ სურათით გაოგნებულმა აუარება უცნაურ ნივთს შორის დასაჯდომ ადგილი ძლივს მოვძებნე და შევეკითხე:
- რა გქვიათ?
- გიორგი.
- რა გვარი ხართ?
- გომარელი.
- გომარეთიდან ხართ?
- თვალით არ მინახავს, გურჯაანში დავიბადე. დედა უკრაინელი ქალი მყავდა. უკრაინიდან დამშეულ ბავშვებს ჩამოჰყვა საქართველოში. მამას შეუყვარდა და ცოლად შეირთო. 16 შვილი ჰყავდათ და 4 დავრჩით ცოცხალი. წესით, მეც უნდა მოვკვდარიყავი, მაგრამ დედამ სიკვდილს ჩემი თავი წაართვა. თანაც, არაერთხელ. იმიტომაც მიჭირს ფეხზე ყოფნა.
- რა დაგემართათ?
- სულ პირველად, 4 წლისსა ადუღებული თათარის ქვაბი დამეცა თავზე. ამ ადუღებულმა თათარამ მთელი ტანი დამიფარა. ექიმებმა, - ეს მაინც მოკვდებაო და სავადმყოფოშიც არ წამიყვანეს. თათარა გახმა და დედამ ამაძრო; მეზობელთან წავიდა, ბავშვის შარდი გამოართვა და მისი საფენები დამადო… ეს კარგად მახსოვს, - დასველებულ საფენებს მიცვლიდა და ლოცულობდა.
თვეების მერე ტანზე ახალი კანი ამომივიდა... ამას რომ მოვრჩი, მამა მომიკვდა და უკრაინაში გადავედით საცხოვრებლად. იქ ჯართის ორმოში ჩავვარდი და რკინა გამერჭო თავში. ის რკინა რომ ამოიღეს, ტვინი ამოჰყვა და ამიტომ მეხსიერება დაკარგე. დედამ სკოლიდან გამომიყვანა და კინოში დავყავდი - პურს ვერ ყიდულობდა, მშივრები ვიყავით, მაგრამ კინოში მაინც დავყავდი, - დიდ ეკრანს რომ ვუყურებდი, აზროვნებას ვსწავლობდი თავიდან. როგორ მიხვდა დედა, რომ აზროვნებას ასე დამიბრუნებდა, არ ვიცი. მერე გაინტერესებთ?
- ჰო...
- მერე მშენებარე კორპუსიდან გადმოვვარდი და ცალი თირკმელი ამომაცალეს; ხერხემალი გამეთიშა და ვეღარ დავდიოდი.
- მერე რამ გიშველათ?
- ისევ დედის ლოცვამ... ღმერთი არის. სიკვდილის პირას რომ ვიდექი, ლოცულობდა და ნაკურთხ ზეთს მცხებდა…
- მერე?
- მერე დედამ გვითხრა, თქვენი სამშობლო საქართველოა, მისი მსგავსი არსად არაფერიაო და ისევ სამშობლოში დავბრუნდით. მერე დავქორწინდი... სამი ცოლიდან ვერც ერთმა ვერ გამიძლო. ახლა მარტო ვცხოვრობ. ახლანდელი თავშესაფრი შემთხვევით ვიპოვე.
- შვილები არ გყავთ, არ გეხმარებიან?
- 7 შვილი მყავს. აქეთ უნდათ დახმარება. მეც ვეხმარები.
- რანაირად?
- რაც მე ვიცი, ის არავის არ შეუძლია, - ჩაკეტილ სეიფებს ვხსნი.
- რანაირად, თუ არანაირი პროფესია არ გაქვთ და არც სკოლა დაგიმთავრებიათ?!
- ეს რომ პირველად გავაკეთე, ისევ დედაჩემის ლოცვა ჩამესმა თითქოს, - ერთმა საიდუმლო სამსახურმა ჩაკეტილი სეიფი მომიტანა, ვერ ხსნიდნენ. მეც ვუთხარი, ამას რანაირად გავხსნი-მეთქი, მაგრამ თითქოს ისევ დედის ხმა მომესმა და მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა.
- როგორც ჩანს ეს ფული თქვენ მაინც არ გყოფნით... არაფერი გაგაჩნიათ.
- ჰო. ეს ფული ჩემს წამლებსაც არ ყოფნის... ინტერნეტით ვმათხოვრობ, ისე ვშოულობ ცოტა გროშებს...
- ეს რანაირად ხდება?
- ვწერ განცხადებას, ვავრცელებ ინტერნეტში და ვისაც შეუძლია, ცოტა ფულს მიგზავნის...
- ასეთი რამეც არსებობს?!
- ხომ გითხარით, ღმერთი არსებობს! მას ყველაფერი შეუძლია!