
რუსთავში, ჭავჭავაძის №6–ში ფოჩხუების სახლს, 25 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ხანძარი უკვე მესამედ გაუჩნდა.
აალების მიზეზი ვერავინ გაარკვია, ამბობენ, რომ ცეცხლი რაღაც ძალით თავისით ჩნდება. პირველი ორი ხანძრისას სახლი ბოლომდე დაწვას გადაურჩა , რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოს ანოტაციაში კი ნათქვამია, რომ დღეს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა და ხანძრისას აივნიდან და ფანჯრებიდან საოჯახო ნივთები ცვიოდა მაშინ, როცა სახლში არავინ იყო.
რუსთაველები ამბობენ, რომ ბინაში ცეცხლს უჩინარი ჭინკა აჩენს, ზოგი იმასაც ამბობს, რომ ამ სხვებისთვის უხილავ არსებას მხოლოდ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, 11 წლის გოგონა ხედავს.
უცნაურ ამბებს ჰყვებიან ოჯახის წევრები და ახლობლები, მათი თქმით, ეს ყველაფერი რომ მათ თავს არ გადახდენოდათ და სხვას მოეყოლა, მას გიჟად ჩათვლიდნენ.
როგორც ოჯახის ახლობელი მოძღვარი ჰყვება, ცეცხლი სახლში მისი იქ ყოფნის დროსაც გაჩნდა, როდესაც სახლის კურთხევისას ლოცვებს კითხულობდა.