
„ქრონიკა+“ აქვეყნებს სტატიას, სადაც 30 მაისს, პოლიციის დღის აღნიშვნის დროს ბათუმში, სხვადასხვა ობიექტებზე გადანაწილებული პოლიციელების ყოფაზეა საუბარი.
ადგილობრივებზე დაყრდნობით გაზეთი წერს, რომ პოლიციელთა მობილიზაცია იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც 30 მაისს ბათუმში მოხდა, მიხეილ სააკაშვილის დროსაც არ ყოფილა. გამოცემის სტატიის მიხედვით, ერთერთი პოლიციელი, რომელმაც მორიგეობის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და აფთიაქში წნევაც გაიზომა, ხოლო შემდეგ სასწრაფოს გამოზახებაზე უარი თქვა და მოვალეობის შესრულება გააგრძელა, მოგვიანებით გარდაიცვალა.
„ქრონიკა+“ წერს:
„ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლი რამაზ დევაძე 30 მაისს, პოლიციელის დღეს გარდაიცვალა. პოლიციელი შვებულებიდან 27 მაისს დაბრუნდა. 30 მაისს, მას გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა ევალებოდა. თაკარა მზეში მეწყვილესთან ერთად, ავტომანქანის კონდიციონერით გრილდებოდა. დევაძეს დღის ბოლოს, ჰაერის უკმარისობა და გულის ფრიალი დაეწყო. აფთიაქში მივიდა, წნევა გაისინჯა. აფთიაქის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების გამოძახება შესთავაზეს, თუმცა დევაძემ უარი განაცხადა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება განაგრძო. მოგვიანებით კი, გულის შეტევით გარდაიცვალა. 28 წლის გარდაცვლილ პოლიციელს მეუღლე და 10 თვის შვილი დარჩა.
30 მაისს, დევაძის მსგავსად, სხვადასხვა პოზიციებზე გადანაწილებული იყო აჭარაში მომუშავე ყველა პოლიციელი. თითოეულ მათგანს ღარიბაშვილის და მისი მთავრობის უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა.
ყველა 4 და 5-ვარსკვლავანი სასტუმრო ხელისუფლების წარმომადგენლებით იყო სავსე. რაც შეეხება საღამოს ბანკეტს, იგი რამდენიმე ადგილას გაიმართა. აჭარის პოლიციის მთავარი განყოფილების თანამშრომლებმა პროფესიული დღე „ყირამალაში“ აღნიშნეს. ეს რესტორანი შინაგან საქმეთა მინისტრის საყვარელი ადგილია, თუმცა 30 მაისს იგი პრემიერთან ერთად, „მეგრულ-ლაზურს“ სტუმრობდა. მეგრულ-ლაზური ბათუმში ერთ-ერთი ძვირადღირებული რესტორანია. სამთავრობო გუნდისათვის გვიან ღამემდე ცოცხალი მუსიკა უკრავდა. მენიუში მწვადი, ოსტრი, აჭარული ბორანო, ხბოს ხორცი და ქართული „ჯიგრული“ კერძები იყო.
პოლიციელის პროფესიულ დღეზე პოლიციის რიგითი თანამშრომლები მიწვეული არ ყოფილან. ისინი რესტორან „მეგრულ-ლაზურის“ ეზოში, სასტუმრო „შეტარონისა“ და „რედისონის“ მიდამოებში ღარიბაშვილის უსაფრთხოებასა და დანაყრებას იცავდნენ.
ბათუმში მეორე დღეს ყველა ამბობდა, რომ პოლიციელთა ამ მასშტაბით მობილიზება სააკაშვილის ვიზიტის დროსაც კი არ ყოფილა. პრემიერი ღარიბაშვილი მზად არის, საკუთარი უსაფრთხოებისათვის ყველა პოლიციელი საგანგებო რეჟიმში, თაკარა მზეში, 24-საათიანი გრაფიკით და ყოველგვარი წახალისების გარეშე ამუშაოს“.
„ქრონიკა+“