-
2014-05-30 15:29
პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ "ქართული ოცნებას" რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. რა შენიშვნები აქვთ "ოცნების" მხარდამჭერებს ამჟამად ხელისუფლებასთან?
ქეთი დოლიძე
– მინდა მოსამართლეების სისტემა შეიცვალოს და სამართლიანობა აღდგეს... სამართალი არ არის, ამიტომ ადამიანებმა თავად დაიწყეს შურისძიება და ეს საშიში ტენდენციაა. ბევრი წყენა დაგროვდა ხალხში. ეს დოკუმენტურადაც დადასტურებულია, ასეთი მოთხოვნაა - 2015 წლამდე ხელი არავის უნდა ახლონ. სამართალი არ არის, მაგრამ მე მაინც "ოცნების" მხარდამჭერად ვრჩები.
ნინელი ჭანკვეტაძე
– ეს მოკლედ სალაპარაკო არ არის. ყველაზე მეტად სამართლიანობის აღდგენასთან მაქვს პრეტენზია... მე არ ვარ აგრესიის მომხრე, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მიჩნდება აგრესია. არ ვამართლებ ძალადობას, მიუღებელია, მაგრამ მეჩვენება, რომ თავის გამოსვლებით იწვევენ ადამიანებს და დღევანდელი ხელისუფლება უსუსურია ასეთი ადამიანების წინაშე...
ერთ-ერთი დაპირება, რითიც მოვიდა, სამართლიანობის აღდგენა იყო... როგორც ადამიანს, არ მინდა ქუჩაში ცემა-ტყეპა ატყდეს, ამიტომ ვინც დასასჯელია, ის ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს კანონით.
ბესო ზანგური
– ყველაზე დიდი შენიშვნა ჩემი არის ის, რომ ხალხი ვერ დაასაქმეს და სხვა პრობლემებით დაკავდნენ. მშიერ კაცს კი, მოგეხსენება, რთულია აუხსნა რა საკითხი განიხილეს გაეროს ანსამბლეაზე.
თიკა ჯამბურია
– მე აქტიურად ვიყავი ჩართული გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში. ჩვენი საქმე რომ დავამთავრეთ, დავიშალეთ და ახლა სხვა ბავშვები მიიყვანეს ახალგაზრდულში, მას შემდეგ არ ჩავრეულვარ პოლიტიკაში. ცალი თვალითაც არ ვუყურებ, რა ხდება.