
"კვირის პალიტრა" 23 მაისს სანაპიროზე მომხდარი ავარიის დეტალებზე წერს, სადაც ერთმანეთს "ბრაბუსის" ტიპის ჯიპი მსუბუქ ავტომანქანა "მერსედესს" შეეჯახა. ავარიის შედეგად 5 წლის ბავშვი ბებია-ბაბუასთან ერთად გარდაიცვალა. ავარიის შემდეგ ლუკა ცოცხალი იყო, თუმცა, კლინიკაში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"კვირის პალიტრა" ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც ავარიისწინა ისტორიისა და თავად ავარიის დეტალები გაიხსენა:
"დედა მენატრებაო, ამბობდა... ყოველთვის მხიარული იყო, მაგრამ რაღაცნაირი კეთილი და გულიანი. დედის გარეშე ძალიან უჭირდა ყოფნა. წინა ღამეს, რამდენჯერმე გამოუღვიძია, - რამდენ ხანში გათენდება, დედიკოს მალე ვნახავო?.." - ასე იგონებს 5 წლის ლუკა ბალხამიშვილს მისი ოჯახის ახლობელი...
ძალიან რომ მონატრებია ბავშვს დედა, ბებია-ბაბუას გადაუწყვეტიათ, წავიყვანოთ და რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ უკან წამოვიყვანოთო. თან როგორც გითხარით, მთელი ღამე წუხდა თურმე, - დედა ენატრებოდა. დედის მონატრება საფლავში ჩაჰყვა იმ პატარა ანგელოზს... ლილოს დასახლებისკენ ცხოვრობენ ბავშვის მშობლები. 9-10 საათი იქნებოდა, ვოვა და მისი მეუღლე თბილისისკენ რომ მიდიოდნენ, მაგრამ შვილის სახლამდე ვერ მიაღწიეს.
- ჯიპის მძღოლი დაკავებულია?...
- დიახ, დაკავებულია. წინასწარი შვიდთვიანი პატიმრობა მიუსაჯესო, თქვეს... იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი გავლენიანი პარლამენტარის ძმისშვილია და შესაძლოა, მალევე უშველონ. მას ისიც ეყოფა, რომ სამი ადამიანის, მათ შორის 5 წლის ანგელოზის ცოდვა დაედო, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს გადაჭარბებული სიჩქარით გრიალი ქუჩებში და გავლენიანი ადამიანებისა და მათი ახლობლებისთვის ხელის დაფარება?..
ავარიის შემდეგ, ისეთ მდგომარეობაში ისეთ მდგომარეობაში იყო მანქანა, ცხედრების გადმოყვანა გასჭირვებიათ, მთლიანად დაჭმუჭნილია..."