
ვახო სანაიამ "იმედის" ეთერში გაკვირვება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ მთავრობა ცალკეულ გადაცემებს განცხადებით ეხმიანება.
მისი თქმით, ჟურნალისტურ პრაქტიკაში პირველად მოისმინა, რომ ხალხის გამოკითხვა, თურმე, "სიცრუის" გასამყარებლად" შეიძლება გამოიყენო. ვახო სანაიამ მთავრობის განცხადების ამონარიდი წაიკითხა და უპასუხა:
"ამ გადაცემაში ნამდვილად იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ლაპარაკი, მაგრამ ნუ გაბრაზდებით, თუკი იქვე ვიტყვით, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტები არ გაიაფებულა, რომ ბენზინის ფასი ლარით არ შემცირებულა, ტარიფები არ განახევრებულა, უმუშევრობა მთავარ პრობლემად რჩება", - განაცხადა ვახო სანაიამ.
რაც შეეხება ქუჩაში ჩატარებულ გამოკითხვებს, ვახო სანაია აცხადებს, რომ მათ მართლაც ჩაწერეს ქუჩაში მოქალაქეები, რომელთა აზრი ყველაზე მეტად აინტერესებთ.
"მე დღეს პირველად მოვისმინე ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში განცხადება, რომ ქუჩაში ხალხის გამოკითხვა შესაძლოა, გამოიყენო სიცრუის გასამყარებლად. მე აბსოლუტურად პირიქით მგონია – სიმართლის გაგება თუ გვსურს, სწორედ ხალხს უნდა ვკითხოთ. აქვე მინდა, შევთავაზო მთავრობის ადმინისტრაციას, რომ გამოგვაყოლონ თავიანთი პრესსამსახურის წარმომადგენელი და ისიც დააკვირდეს, რას ამბობენ ადამიანები დაპირებებზე, როცა მათთვის "მაესტროს" მიკროფონი ირთვება.
თუ ამის გაკეთება არ გსურთ, შეგვიძლია ჩავწეროთ ეს მასალა დისკზე, გამოგიგზავნოთ ყველა იმ ადამიანის კომენტარი, რომელთაც ვთხოვეთ ეთქვათ, რომელი შესრულებული დაპირება ახსენდებათ წელიწადნახევრის თავზე", - განაცხადა ვახო სანაიამ.