
რატი ამაღლობელის სკანდალური ლექსი "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში" ნიკა რურუამ გადააკეთა და "ოლიგარქს" მოარგო. ლექსის ორიგინალი, რომელიც ინტერპრეტაციის ქვემოთაა მოცემული, პატრიარქია ნახსენები.
ოლიგარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
58 წლის ახალგაზრდა ოლიგარქი
ოქროყანის ასასვლელში,
მიწისზედა გასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს ოლიგარქი
ჩემი გაყინული ოლიგარქი,
მიწიზედეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი მილიარდერი,
მე მიყვარს ოლიგარქი
ოქროყანის ასასვლელში ჩაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უბრძენესო იქ,
სადაც მდიდარნი განისვენებენ.
ავტორი - გაზპრომის ყრილობის სპიკერი.
რატი ამაღლობელის ლექსი:
"პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ...
სავარაუდოდ, ამ ლექსით რატი ამაღლობელი გამოეხმაურა მეტრო "დელისთან" 67 წლის მამაკაცის გაყინვის შესახებ გავრცელებულ ცნობას. შემთხვევა პატრიარქის დაბადების დღეს მოხდა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი უსახლკარო იყო, თუმცა, შსს-მ ეს ცნობა არ დაადასტურა.