
სახელგანთქმული მოკრივე, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ო'ნილ ბელი (O'Neil Bell) მოკლეს ჯორჯიის ქალაქ ატლანტაში. დაუდგენელმა პირმა მას და მის მეგობარს მაშინ ესროლა, როცა ისინი ავტობუსიდან ჩამოდიოდნენ. ბელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი მეგობარი კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელის მიზანი ძარცვა იყო, თუმცა, ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
იამაიკელი მოკრივე ო'ნილ ბელი საკმაოდ პოპულარული იყო და პროფესიონალ მოკრივეებს შორის კარგი შედეგებით გამოირჩეოდა. ის 40 წლის იყო. WBC-ს რეიტინგით ის მსოფლიოში მეორე, IBF-ს რეიტინგით მეექვსე, ხოლო WBA-ს რეიტინგით მეორე იყო.
მან სულ 29 პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარა, აქედან 26 მოიგო და 24 მოგება ნოკაუტით დაასრულა. ბელი სულ ორჯერ დამარცხდა, ერთი შეხვედრა კი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა.