-
2015-09-12 07:46
ამბავი, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი რეჯიბ ტაიპ ერდოღანი ფიგურირებს, როგორც უაღრესად ადამიანური და გულისხმიერი მმართველი, 2015 წლის მარტში მოხდა. ამბავი "თურქეთის რადიომ" გაავრცელა და ფოტოც გამოაქვეყნა.
თურქეთის ერთერთი სკოლის მოსწავლე ბიჭუნამ, რომელიც დედ-მამით ობოლი იყო, გადაწყვიტა, პრეზიდენტისთვის მიეწერა, რომ რამდენიმე დღეში დანიშნულ მშობელთა კრებას მამამისის ნაცვლად დასწრებოდა. მან წერილი მართლაც დაწერა და მასწავლებელს სთხოვა, პრეზიდენტისთვის გაეგზავნა.
მასწავლებელმა მისი თხოვნა კი შეასრულა, მაგრამ იქვე განუმარტა ბავშვს, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მმართველია, უამრავი საქმე აქვს და, შესაძლოა, კრებაზე მოსასვლელად ვერ მოიცალოს, თუმცა, წერილს აუცილებლად წაიკითხავს.
როცა მშობელთა კრების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, მოულოდნელად, სკოლის წინ რამდენიმე მანქანისგან შემდგარი ესკორტი გამოჩნდა და ერთერთი ავტოდან პრეზიდენტი ერდოღანი გადმოვიდა. დაბნეულ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მან კლასი და ბიჭუნას ვინაობა დაუსახელა და უთხრა, რომ ის ბიჭის მეურვეა და მშობელთა კრებაზე დასასწრებად მოვიდა...
ერდოღანის სტუმრობით ყველა გაკვირვებული იყო, თავად პატარა თურქი ბიჭუნას გარდა, რომელსაც სჯეროდა, რომ პრეზიდენტი მის თხოვნას გაითვალისწინებდა და აუცილებლად მოვიდოდა კრებაზე. ასე გაუჩნდა თურქეთის პრეზიდენტს კიდევ ერთი შვილი. ის აქამდე ორი ბიჭისა და გოგოს მამა იყო.
აღსანიშნავია, რომ ისლამი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა ობლებისადმი. თავად წინასწარმეტყველი მუჰამედი ობოლი იყო. იმ ადამიანების თანადგომა, ვინც მშობლების მზრუნველობის გარეშე არიან დარჩენილი, ღირსეულ ნაბიჯადაა მიჩნეული. ამ საკითხს ყურანშიც არაერთი აიათი ეძღვნება. ზოგადად, ყურანი მოუწოდებს, მოექცნენ მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს ისევე, როგორც სურთ, მოექცნენ მათ შვილებს იმ შემთხვევაში, თუ ამქვეყნიდან ნაადრევად მოუწევთ წასვლა.
"თურქეთის რადიო"
ფოტო - "თურქეთის რადიო"
