-
2015-08-30 14:14
2001 წელს რუმინეთის პატარა ქალაქ პიპერუში მომხდარმა ისტორიამ, რომელიც მთელი ექვსი საათის განმავლობაში გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, ჯერ მთელი ქვეყანა, მოგვიანებით კი მსოფლიო შეძრა.
2 წლის ალინა პასკარუ, რომელიც დედამ ეზოში სასეირნოდ გაიყვანა, იქვე მიმდინარე მშენებლობის დროს უმეთვალყურეოდ დატოვებულ სამშენებლო სვეტზე აძვრა და თვალის დახამხამებაში შიგ ჩავარდა. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ დედამ რეაგირება ვერ მოასწრო. ბავშვი სამშენებლო ბეტონის რგოლის შუაში, სართულის მიჯნაზე, დაახლოებით 5-6 მეტრის სიღმეში გაიჭედა.
დედამ საშველად ხალხს უხმო. მალე იქ უამრავი მამაკაცი გაჩნდა - ბარებით, ნიჩბებით... ცოტა ხანში სამაშველო ჯგუფებიც მოვიდნენ, თუმცა, კონკრეტულად ვერც მათ მოახერხეს ვერაფერი: ჩაშვებულ თოკს პანიკაში მყოფი ბავშვი არ ეჭიდებოდა - იმდენი ცნობიერება არ ჰქონდა, რომ ეს მისი გადარჩენის შანსი იყო, ხოლო სვეტის რგოლში, მისი სივიწროვის გამო, მაშველის ჩაშვება ვერ ხერხდებოდა.
მალე ტელევიზიებიც შემთხვევის ადგილზე გაჩნდნენ და ადგილიდან პირდაპირი რეპორტაჟი რამდენიმე არხზე გადაიცემოდა. მაყურებელი ეკრანებს მიეჯაჭვა. 2 წლის გოგონას გადარჩენის სურვილმა მთელი ქვეყანა გააერთიანა.
მას შემდეგ, რაც შოკში მყოფი დედა ვერ დაითანხმეს, სვეტში თავით ჩაშვებულიყო და ბავშვისთვის ხელი გაეწოდებინა, ხოლო შემდეგ ამოეწიათ და ორივე ამოეყვანათ, ტელევიზიით ცხადდებოდა, რომ ეძებდნენ გამხდარი ტანის მოხალისეს, რომელიც ამ მისიის შესრულებაზე - ბავშვის გადარჩენის მცდელობაზე დათანხმდებოდა.
მოულოდნელად, სეირის მაყურებელთა ჯგუფს ერთი კაფანდარა გოგო გამოეყო, რომელმაც სვეტში თავქვე ჩაშვების სურვილი გამოთქვა. მაშველებმა მას თოკები მჭიდროდ შემოახვიეს, რეკომენდაციები მისცეს და თავქვე ჩაუშვეს სვეტში.
მისია არ იყო ადვილი: გოგონას სრულ უკუნეთსა და წკავარამში, მისი ცასვების შემდეგ კი უჰაერობაშიც - დაახლოებით ხუთი მეტრის სიღმეზე პირქვე დაკიდებულს უნდა ჩაეღწია, ბავშვისთვის ხელები წაევლო, მაშველებისთვის ენიშნებინა და ამოეყვანა...
როცა ეს ყოჩაღი გოგო - ოანა ფურნიკა სვეტში ჩაუშვეს, ირგვლივ და ეკრენებთანაც ყველამ სუნთქვა შეიკრა. რამდენიმე წამში ოანამ ნიშანი მისცა მაშველებს და ის უკან ამოიყვანეს, მაგრამ მისი ხელები, რომლებსაც ყველა მიაჩერდა, ცარიელი იყო... გოგონამ ახსნა, რომ ბავშვი დაბნეულია და არ გამოუწოდა ხელი გაწვდილი ხელების სანაცვლოდ, ამიტომ, ვერ მოახერხა მოსჭიდებოდა...
თუმცა, იონამ განაცხადა, რომ მცირე შესვენების შემდეგ ისევ სცდიდა ბედს და მაშველებს სთხოვა, უფრო ღრმად ჩაეშვათ, რომ ბავშვის სურვილისა და მოქმედების მიუხედავად, მას გოგონასთვის ტანსაცმელზე ხელის ჩავლების და მაგრად მოჭერის საშუალება მისცემოდა...
ოანა მეორედ ჩაუშვეს სვეტში და ამჯერად უფრო ღრმად. ყველა გაირინდა, წამები უსასრულოდ გაიწელა და აი, ოანას მოგუდული ყვირილიც გაისმა - ნიშანი მაშველებისადმი, რომლებმაც სწრაფად დაიწყეს თოკის ამოწევა... მერე ოანას ფეხები გამოჩნდა, მერე წელი, მერე მისი თავი და ხელებიც და... მას ორივე ხელით ბავშვი ეჭირა!..
შეკრებილ მასას მოწონების შეძახილები აღმოხდა, მილიონობით ადამიანმა შვებით ამოისუნთქა - ალინა გადარჩა! ის მამას მიუყვანეს და დაბნეული, ჯერაც გაურკვევლობაში მყოფი ბავშვი მშობელს ჩაეხუტა... ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხეულის გადაციების გამო, თუმცა, რამდენიმე დღეში გაწერეს - მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
რაც შეეხება მოზარდს ოანა ფურნიკას, როგორც გადარჩენილი ბავშვის, ასევე მისი სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო. ის რუმინელების კუმირად იქცა - ქალაქის მერმა მოზარდი დააჯილდოვა მიწის ნაკვეთით, ხოლო ტელემაყურებლებისგან მას 5.000 დოლარი გადაეცა.