
შსს-ს მოსკოვის კუნცევოს რაიონის განყოფილება რუბლოვსკის გზატკეცილზე მცხოვრებ მოსახლეობას სთხოვს, გამარჯვების დღეს არ გადმოიხედონ ფანჯრებიდან და არ გავიდნენ აივნებზე.
განცხადებაში მითითებულია, რომ ამ ზომების გატარება აუცილებელია მოსკოვში ჩამოსული საპატიო დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებით.
შესაბამისი თხოვნის შემცველი განცხადება გზატკეცილზე განთავსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში გამოჩნდა. განცხადების ფოტო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა დიმიტრი სერკოვმა გამოაქვეყნა.
შსს-ს მოსკოვის განყოფილება მსგავსი განცხადების ავტორობას უარყოფს და ამბობს, რომ ეს „ვიღაცის უადგილო ხუმრობაა“, თუმცა, მსგავსი განცხადებები სიახლე არ არის. სანკტ-პეტერბურგში, G-20 სამიტის მიმდინარეობის დროს ქალაქის მცხოვრებლებს ანალოგიური თხოვნით ოფიციალურად მიმართა პოლიციამ, ხოლო პენზაში პუტინის ვიზიტის დროს ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა ტექსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, მოქალაქეებმა თავი აარიდონ აივანზე გასვლას, ფანჯრიდან ბინოკლით ან ჭოგრიტით ყურებას“.