
1 მაისს, დილის საათებში სომხეთის ტერიტორია დატოვეს ე.წ. კანონიერმა ქურდებმა, რომელთა შორის ქართველი ეროვნების კრიმინალური ავტორიტეტებიც არიან. ინფორმაციას „ნოვოსტი არმენიი“ ავრცელებს, თუმცა, ის უზუსტობებს შეიცავს.
„ნოვოსტი არმენიის“ ცნობით, 53 წლის ლუკა ალანიძე და 31 წლის ლაშა აბზიანიძე ერევანში იყვნენ დაკავებული. ამასთან, სააგენტო ალანიძის მეტსახელად „ლეკი რუსტავსკის“ მიუთითებს, რაც არასწორია და საერთოდ, ე.წ. კანონიერი ქურდი ამ სახელითა და გვარით, ჯერჯერობით არ ფიქსირდება, ხოლო „ლეკი რუსტავსკი“, ვისი ფოტოც, სხვათა შორის, რამდენიმე გამოცემამ დაურთო ამ ცნობას, აზერბაიჯანელი ეროვნების ე.წ. კანონიერი ქურდია, თუმცა, როგორც მეტსახელი მიუთითებს, რუსთავში ცხოვრობდა.