
ინტერნეტტელევიზია „ფრეშნიუსმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავის დროზე იაფად შეძენილი სახელმწიფო ქონების ჩამონათვალიდან აბრეშუმის ფაბრიკისა და „ლაგუნა ვერეს“ შესახებ სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტიდან ირკვევა, რომ აბრეშუმის ფაბრიკის შენობა, რომელიც მე-19 საუკუნეში აფრანგეთიდან სპეციალურად მოწვეულმა ჯგუფმა ააშენა, 1998 წელს ბიზნესმენმა ავთანდილ კვარაცხელიამ შეიძინა მას შემდეგ, რაც ფაბრიკა ნაძალადევში გადაიტანეს.
ბიზნესმენი იხსენებს, რომ 1998 წლის ოქტომბერშივე მასთან „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები მივიდნენ და ტერიტორიის დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიანიშნეს, რომ მის ბიზნესს საფრთხე შეექმნებოდა.
უარის შემდეგ სამკერვალო „ამირანში“ რომელიც შენობაში ფუნქციონირებდა, შსს-ს განყოფილება შევიდა და აუდიტის შემდეგ კვარაცხელია დააკავეს, ხოლო შენობა და მიწა „ქართუ ჯგუფის“ საკუთრება გახდა.
2004 წელს კვარაცხელიას მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა:
„მივადექი „ქართუ ბანკს“ და 315 ათასი დოლარი შემომთავაზეს. მარტო მიწა 9.000 კვადრატული მეტრია, ანუ, დაახლოებით 10 მილიონისაა აქ. 300 ათასად იყიდა 15 მილიონის ქონება, გახდება კაცი მილიარდერი, აბა რა იქნება“, - ამბობს „ფრეშნიუსთან“ ინტერვიუში კავარცხელია.
ამჟამად ფაბრიკის შენობის ნაწილი გაქირავებულია. დამქირავებლები ამბობენ, რომ შენობა ივანიშვილის საკუთრებაა. მესამე სართულზე ბერას ხმის ჩამწერი სტუდია კეთდება, ეზოში „ჯი დი ესის“ მანქანები მოძრაობენ. იქ ხარაჩოებია მიდგმული. არის ამ შენობის კიდევ ერთი, გარემონტებული ნაწილი: სადაც ივანიშვილმა რობერტ სტურუას თეატრი სახელწოდებით „ფაბრიკა“ გაუხსნა.
აქ რეჟისორმა მხოლოდ ერთი სპექტაკლი დადგა. ამჟამად შენობის ამ ნაწილში გოგა ხაინდრავა მუშაობს. სავარაუდოდ, თავის ახალ ფილმზე „9+1“. არაა გამორიცხული, შენობაში ფილმის ეპიზოდებსაც იღებდნენ.
როგორც ირკვევა, ივანიშვილის მიერ შესყიდული სახელმწიფო ქონების ჩამონათვალი მხოლოდ აბრეშუმის ფაბრიკითა და „ლაგუნა ვერეთი“ არ შემოიფარგლება. ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც არაერთი საჯარო გამოსვლის დროს დაუდანაშაულებია წინა ხელისუფლება 1 ლარად სახელმწიფო ქონების შესყიდვაში, თავის დროზე, 2007 წლის 31 დეკემბერს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის განკარგულებით, სახელმწიფოსგან 1 ლარად იყიდა წყნეთის ხევი. პირობის მიხედვით, მას იქ სკვერი და სპორტული კომპლექსი უნდა აეშენებინა...
"ფრეშნიუსის" სიუჟეტი აბრეშუმის ფაბრიკის შესახებ