
სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „თრიალეთის“ ჟურნალისტმა შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რასაც პრემიერის მხრიდან აგრესია მოჰყვა.
ჟურნალისტი დაინტერესდა ვის ევალება კონტროლი რეგიონში მაშინ, როდესაც გუბერნატორი საკუთარი ბიზნესის კეთებითაა დაკავებული, ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება.
მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან.
პრემიერმა ჟურნალისტის განცხადებას სიცრუე უწოდა.
„გუბერნატორი იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ ზის კაბინეტში, აშენებს სახლს კაბინეტიდან გაუსვლელად, ბიზნესები და სასტუმროები აქვს?
თქვენ ჟურნალისტი ხართ მაგრამ ყველაფრის უფლება არ გაქვთ. ის, რომ ადამიანს ცილი დასწამოთ, ის, რომ ბრალი წაუყენოთ უსაფუძვლოდ, არ შეიძლება. თუ გაქვთ ფაქტები წარმოადგინეთ. მოვუწოდებ გუბერნატორს, რომ გააკეთოს განმარტება. ან უარყოს ან დაადასტუროს ფაქტები.
თქვენ ითხოვთ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან პატივისცემას. ისე გამოდის, ჩვენ პატივს გცემთ, თქვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთ და ბრალს გვდებთ კორუფციასა და ძალიან ცუდ რაღაცეებში. მე ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ", - განაცხადა პრემიერმა.
მანვე შესთავაზა ჟურნალისტს, რომ თუ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი დადასტურდება, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდება, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას.