
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს არ გასცნობია და უფრო მეტიც, არ აინტერესებს.
„ყურადღება არ მიმიქცევია, რეიტინგები უსაქმურების საქმეა.
ის მთავრობა, რომელიც რეიტინგებზე ფიქრობს, არ არის გულწრფელი. ცალკე განსჯის საგანია, თუ ვინ და რა მეთოდოლოგიით აკეთებს ამ რეიტინგებს. ეს არ არის საინტერესო. მთავარია, მოსახლეობა იყოს კმაყოფილი მთავრობის მუშაობით.
თუ მინისტრები მაღალრეიტინგულები იქნებიან, ეს ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება, მაგრამ რეიტინგებზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩემი საზრუნავი არის ლარის კურსი, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა და სამუშაო ადგილების რაოდენობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი არ ადასტურებს და მედიას სენსაციების ძებნაში ადანაშაულებს.
„საოცარია, ზოგადად ამდენი სპეკულაცია მედიაში. თუმცა მესმის თქვენი, ხშირად უფრო სენსაციური ინფორმაცია გაინტერესებთ, მაგრამ მე სენსაციას არ გპირდებით უახლოეს მომავალში. რომ გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით ვარ კმაყოფილი, არ იქნება გულწრფელი ნათქვამი,” - აღნიშნა მან.