
ნიუ-ჯერსიში დაღუპული ბესო გორჯოლაძის მამის, კახა გორჯოლაძის თქმით, მისი შვილის ოცნება საქართველოს სამხედრო ავიაციაში სამსახური იყო.
„უბედური მამა ვარ. ოჯახი გამიუბედურდა...
ჩემი შვილი მხოლოდ მე და ჩემს ოჯახს კი არა, საქართველოს დააკლდა და ეს კიდევ უფრო მიკლავს გულს...
ბესოს ოჯახი არ ჰყავდა, ჯერ სხვა გეგმები ჰქონდა. ძალიან ბევრ რამეზე ოცნებობდა, მაგრამ მისთვის ყველაზე მთავარი, საქართველოს სამხედრო ავიაციაში სამსახური იყო.
თავის ქვეყანაში უნდოდა თავის დამკვიდრება... ერთხელ სოფელში, წლების წინ, (ჩვენი სოფელი კონფლიქტის ზონას ესაზღვრება, ქვემო ჭალას ეძახიან). შევამჩნიე, რომ ცხინვალის მხარეს გასცქეროდა.
ადრიანი დილა იყო. - რას ჩაფიქრებულხარ-მეთქი? მომიბრუნდა და ღიმილით მითხრა, - მამა ისეთი კაცი უნდა გამოვიდე, სამაჩაბლო უნდა დავიბრუნოო, - მითხრა. მაშინ პატარა იყო, მოზარდი და ვიფიქრე, - ბავშვურად უყურებს ამ ცხოვრებას-მეთქი“, - იხსენებს კახა გორჯოლაძე.
„გზა“