
კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, „ოცნება“ ნაჩქარევად, ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილ ხალხთა და პარტიათა ერთობა რომაა, ეს არახალია.
მისივე თქმით, მასში არიან, პირობითად, კარგები, ცუდები, საშუალოები, უვარგისები და გენიოსები, რაც წინასაარჩევნო რეჟიმშიც ჩანდა და ახლაც ჩანს, ამიტომ აზრთა სხვადასხვაობაში გასაკვირი არაფერია.
„ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი ახლა 50/50-ზეა. თუმცა, ცხადია, საქმე ნინო გვენეტაძის კანდიდატურაში არ არის, საქმე მომავალ საარჩევნო მზადებას ეხება, რაც „ოცნებამ“, ფაქტობრივად, შარშან შემოდგომიდან დაიწყო. ჩემი აზრით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კარგი გაგებით, რეპრესიები უნდა დაიწყოს ჩინოვნიკურ აპარატში, რადგან, როგორც ვხედავთ, სხვადასხვა ჩინოვნიკების დიდი ნაწილი კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში იხრჩობა.
ხომ გამოვიდა ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე და განაცხადა, არავის არაფერს ვაპატიებო, ჰოდა, ეს არპატიება პირდაპირ დღეიდან უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასა და მის მთავრობას საზოგადოებრივი რისხვა და პარლამენტის მიერ გადაყენება ემუქრება!
მთელი ეს პროცესი, რაც ახლა პარლამენტში მიდის, ლოგიკურად, ამით შეიძლება დასრულდეს და ასე, ვადამდელ არჩევნებსაც აიცილებენ თავიდან. ირაკლი ღარიბაშვილს გადაყენება ემუქრება, თუმცა მას ამ ცვლილებების დროულად გატარების თავიც აქვს და რესურსიც - მთავარი პოლიტიკური ნებაა!“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
„ვერსია“