
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, არმაზ ახვლედიანის მუქარამ უმრავლესობის წევრთა მისამართით, ახვლედიანს ბევრი მტერი გაუჩინა.
მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივნის თქმით, ვინც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, სანქციები ელოდებათ.
„ალიასთან“ საუბარში, უმრავლესობის წევრი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ მთელი უმრავლესობა გაღიზიანებულია ახვლედიანზე.
„ეგ ვინ გვიგდია, რომ ჩვენ, დეპუტატებს, სანქციებით გვემუქრება?! ჩვენ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები გავქვს და როგორ ბედავს დეპუტატების წინააღმდეგ მუქარას? ჰკითხეთ ერთი, ეს განცხადება რომ გააკეთა, მთვრალი ხომ არ იყო?!
როცა სვამს, აპათოლოგებს და მერე ეწყება „ბელაია გარიაჩკა“. ეგ ბიჭი ერთ ადგილს ათამაშებს დიდი ხანია და მიიღებს. იცით, რეალურად რა მოხდა? პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ განეხილა ეს საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება, ახვლედიანი კი თავისი ინიციატივით გამოვიდა, თითები გვიქნია, პოლიტსაბჭოზე გადავწყვიტეთ საკითხი და არ გაბედოთ წინააღმდეგ წასვლაო.
ჩვენ ფრაქციაში ვიმსჯელებთ ახვლედიანის შესახებ და სანქციებს აქეთ დავუწესებთ მაგას. თუ ვერ გაიგო პოლიტსაბჭოზე რა ითქვა, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. აქვე გეტყვით, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა არ ჩავარდება და არც ვაპირებდით მისი კანდიდატურის ჩაგდებას“, - განაცხადა ინკოგნიტო რესპოდენტმა.
„ალია“