
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო კანცელარიაში ბიძინა ივანიშვილის ნიღბით, ერთ ხელში სტაფილოთი და მეორე ხელში - ცოცხით გამოცხადდა.
აღნიშნულის გამო ყოფილი დეპუტატი კანცელარიის დაცვის დაწიოკებაში დაადანაშაულეს.
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ ამხელა ამბავი ამტყდარიყო.
„მზიანი დღე იყო და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიჭები გარეთ იდგნენ. ასეთი მორთულ-მოკაზმული რომ დამინახეს, გაიქცნენ და კანცელარიაში შევარდნენ, შეიკეტნენ და შიგნიდან დამიწყეს ყურება.
მერე სხვებთან ერთად გამოვიდნენ და შეშინებულები მომიახლოვდნენ, ვინ ბრძანდებით, რა გნებავთო.
ვუთხარი, ბიძინა ვარ ივანიშვილი, საქართველოს ნომერ პირველი მოქალაქე, ძალიან უკმაყოფილო ვარ თქვენი მუშაობით, და როგორც ცოცხით მოგიყვანეთ, ისე ცოცხით უნდა გაგხვეტოთ-მეთქი და გამექცნენ.
იქვე იდგა პრემიერის დაცვის მანქანაც, გადმოვიდა ერთი ზრდილობიანი ახალგაზრდა და მთხოვა, იქნებ ნიღაბი მოიხსნათ და დაგვენახოთო. ნიღაბი არ მომიხსნია. სტაფილო გავუწოდე. ვუთხარი, ღამის 10 საათზე გამოწურეთ ამის წვენი და შიშისგან გიხსნით-თქო", - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.
მეგი გოცირიძის თქმით, ხელისუფლებაში მეცოცხეები არიან, მათი გერბი არის ცოცხი, ხოლო ჰიმნი - შალახო.