-
2014-12-30 01:52
თბილისის ზოოპარკის ბინადარმა პინგვინებმა გაიმარჯვეს კონკურსში, რომელიც ზოოპარკის ადმინისტრაციამ ჩაატარა. კონკურსი სოციალურ ქსელებში ჩატარდა და მისი მიზანი „წლის პირუტყვის“ გამოვლენა იყო.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, პინგვინები მათ ბრიტანულმა კომპანია Living Coasts-მა აჩუქა. ზოოპარკში პინგვინარიუმში არის აუზი, ქვიშიანი ნაპირი და მცირე ზომის გამოქვაბულები.
ამ ნომინაციაში პინგვინების მთავარი კონკურენტი იყო სპილო გრანდი, რომელიც ამავე ზოოპარკში ბინადრობს. შეგახსენებთ, ის წელს ავად გახდა და ისიც სათუო იყო, გადარჩებოდა თუ არა.
თბილისის ზოოპარკის ბინადარი პინგვინების შესახებ პირველი არხის გადაცემაში „მშვიდობით, იარაღო!“ დაწესებულების დირექტორმაც ისაუბრა, როცა გადაცემის სტუმრებს შორის ბიძინა ივანიშვილიც იყო.
ზურაბ გურიელიძემ აღნიშნა, რომ ზოოპარკში უკვე პინგვინებიც არიან, რამაც ივანიშვილის რეპლიკა გამოიწვია: ,,უი, ძაან საინტერესოა, ყვითელზოლიანი პინგვინები გყავთ?“, - რასაც დირექტორმა უპასუხა, რომ პინგვინები შავფეხები არიან და ივანიშვილი ზოოპარკში დაპატიჟა.