
გაზეთ „კახეთის ხმის“ და knews.ge-ს დამფუძნებელი მაია მამულაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "თელავის ყოფილი რწმუნებული გიორგი მოსიაშვილი და სხვა ანგაჟირებული პირები რედაქციის გასახლებას და თელავში მდებარე მედია კაფეს დახურვას ითხოვენ“.
„ორგანიზაცია მდებარეობს ქალაქ თელავში, სამხატვრო სკოლის შენობის სარდაფში. 2011 წელს შენობის დანგრეული და განადგურებული ფართობი იჯარით ავიღეთ (კანონის ყველა წესის დაცვით) ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. Irex G Media პროგრამის და „ღია საზოგადოების მხარდაჭერით“ გავარემონტეთ და შევქმენით „მედია კაფე“- ღია სივრცე თავისუფალი აზრისათვის.
ამ სივრცემ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქალაქ თელავში კულტურული და საინფორმაციო სერვისების შექმნას შეუწყო ხელი. უამრავი შეხვედრა, წიგნის განხილვა, დისკუსია, საჯარო განხილვა, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. გარდა ამისა, „მედია კაფე“ სტაბილური დაფინანსების წყაროა რედაქციისათვის.
ამ ფუნქციის შესრულებასა და თავისუფალი მედიის მუშაობაში მუდმივად ხელს გვიშლიან კონკრეტული პირები: მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ამ პირთა შესახებ:
ქალაქ თელავის ყოფილი რწმუნებული და თელავის მერის კანდიდატი გიორგი მოსიაშვილი, რომელიც მედია ორგანიზაციაზე ზეწოლას ახდენს, იმის გამო, რომ მის პიარზე უარი ვთქვით;
სამხატვრო სკოლის დირექტორი ვახტანგ ლაცაბიძე, რომელიც კორუფციაში მხილების გამო ჩვენს გამოსახლებას ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლებისგან;
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც გააჩნიათ კერძო ბიზნეს-ინტერესები;
გუბერნიის თანამრომელი ვალერი გრემელაშვილი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის დახურვაზე საუბრობდა საჯაროდ.
რედაქციამ არაერთხელ წერილით მიმართა ქალაქის მერიას მიმდინარე საკითხის მოგვარებისათვის, რათა მოგვეცეს მშვიდი მუშაობის საშუალება, მაგრამ რეაგირება არ ხდება. დაგვრჩა მხოლოდ ერთადერთი ფორმა, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მედია ორგანიზაციის მიმართ მიზანმიმართული ზეწოლის ფაქტებზე და წარმოვადგინოთ მუქარის კონკრეტული ფაქტები.
მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მედიაზე ზეწოლის, პროფესიული მოვალეობის შესრულების ხელშეშლის საკითხით და სასწრაფო რეაგირება მოახდინონ მედიის მუშაობაში ღია ჩარევის მცდელობისაგან, პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისგან“, – ნათქვამია მიმართვაში.
თელავის მერობის ყოფილ კანდიდატს გიორგი მოსიაშვილსა და მაია მამულაშვილს შორის ამჯერად დაპირისპირება მოჰყვა სოციალურ ქსელებში მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს ელენე ახვლედიანის სახელობის თელავის სამხატვრო სკოლის დირექციის მიმართ. „ჰარამხანა რომ აქვს გახსნილი მაგ სკოლის დირექციას სასწავლო დაწესებულებაში, ეგეც მოგიყვეთ? ყვითელი პრესა გჭირდებათ, რომ აღვწეროთ რა სიბინძურე ტრიალებს მაგ კედლებში. აღარაფერს ვამბობ კორუმპირებულ პირებზე“.
გიორგი მოსიაშვილის თქმით, სხვა ბავშვებთან ერთად მისი შვილიც სწავლობს ამ სკოლაში და მაია მამულაშვილი ვალდებულია ბრალდების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს.
"კახეთის საინფორმაციო ცენტრი"