
როგორც „კვირის ქრონიკა“ წერს, იურისტ ვალერი გელბახიანის თითქმის ყველა პროგნოზმა გაამართლა და ამიტომაც მას ალასანიას გუნდმა „ვანგა“ გელბახიანი შეარქვა.
გელბახიანის განცხადებით, რესტორან „ბაგრატიონში“ „ქართული ოცნების“ წევრების, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრისა და რამდენიმე მინისტრის შეხვედრა პირდაპირ მიანიშნებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მობრუნებას აპირებს.
რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ერთადერთი ძალა, ვისაც ეს არჩევნები არ აწყობს, თვითონ კოალიციაა.
„ჯერ ამის ნიშნები არ გვაქვს. როგორც კი ამის საკითხი დადგება, მათში ამოძრავდება პირადი და პარტიული ინტერესები, არ ჩააგდებენ ბიუჯეტს.
თუ დადგება პრემიერის ნდობის საკითხი, ნდობას გამოუცხადებენ, პარლამენტის დაშლის საბაბს არ შექმნიან. იცით რატომ? მაგალითად, ავიღოთ „მრეწველთა პარტია“, გეკითხებით, მათ აწყობთ ვადამდელი არჩევნები?
თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ „მრეწველებმა“ არჩევნები მოიგონ? რა თქმა უნდა, არა და ამიტომ, „მრეწველები“ უარს იტყვიან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. გადავიდეთ „ფორუმზე“, რა თქმა უნდა, მათაც არ აწყობთ.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, ისინი მარტო რომ გავიდნენ არჩევნებზე, ნაკლები შანსი აქვთ, პარლამენტში მოხვდნენ. ასეთ როლშია ოპოზიცია „თავისუფალი დემოკრატები“, „სოციალისტებს“ კოალიციაში ერთი კაცი ჰყავთ.
აქ მთავარი პრობლემაა მაჟორიტარები. პარლამენტის 50%-ს შეადგენს მაჟორიტარი დეპუტატები. აბა, ერთი რომელიმე მაჟორიტარი მითხარით თქვენ, რომელიც იტყვის, რომ უფლებამოსილებას ვადამდე შეიწყვეტს.
აქედან გამომდინარე, პარლამენტის დათხოვნა არის სერიოზული პრობლემა. ბიძინა ივანიშვილსა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ძალიან დიდი სურვილი ჰქონდეთ, ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ მათ კონსტიტუცია უშლის ხელს და ის ვითარება, რა პოლიტიკური ინტერესების კვეთასაც აქვს დღეს პარლამენტში ადგილი.
ვხედავ პრემიერ-მინისტრის გააქტიურებას, ის, ალბათ, აქამდე ფიქრობდა, რომ ინერციით შეიძლებოდა რაღაც მოვლენების დაძლევა, მაგრამ მიხვდა, თუ არ დაიწყო ქმედითი ღონისძიებების გატარება და რეფორმები, ასეთ შემთხვევაში მთავრობის მიერ არ იქნება ნდობა ისეთი, როგორსაც ისინი ელიან.
პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ იწყება წართმეული ქონების დაბრუნება, ეს იყო არჩევნებში ხალხის ერთერთი მოთხოვნა, ბუნებრივია, ეს არის ძალიან სერიოზული და პოზიტიური პროცესი, პირადად მე, მხარს ვუჭერ, აქტიურადაც ჩავებმები თუკი მათ დასჭირდებათ ჩემი კონსულტაცია, ან წინადადება, მზად ვარ, ოფიციალურად მივაწოდო ჩემი ხედვა ამ საკითხზე, რადგან ეს არის ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მე მაგალითად, სიამოვნებით დავუჭერდი მხარს სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომლის თავმჯდომარეც თვითონ პრემიერ-მინისტრი იქნებოდა.
ამ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა ახალი გარემოება, იმ სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და ხანდაზმულია. პროცედურულად ყველაფერი იმდენად არის გაჭედილი, თუ სასამართლო გადაწყვეტილება არ გაუქმდა, ვერანაირ ქონებას ვერავის ვერ დაუბრუნებენ, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება ვერ გაუქმდება, იმიტომ, რომ ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული. ამიტომ კომისიის გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს ამ შემთხვევაში საფუძვლად, როგორც ახალი გარემოება, რომელმაც საქმის წარმოება უნდა განაახლოს და უკან დააბრუნოს წართმეული ქონებები,“ - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.