
საქართველოს პრეზიდენტმა მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა.
პრეზიდენტისეულ ვარიანტში ე.წ. გასაღები რჩება სასამართლოს, ხოლო ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელდება სხვადასხვა მოსაზრებები.
„ჩვენ არ ვართ განწყობილი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, მაგრამ როგორი იქნება „რესპუბლიკელების“ პოზიცია, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ვნახავთ, უშუალოდ რას გვთავაზობს პრეზიდენტი გასაზიარებლად“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
კამპანია "ეს შენ გეხებაში" შემავალი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას მიესალმებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, მათი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება გამოეყენებინა, რადგან ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი ფაქტობრივად მოსმენების დაკანონებას წარმოადგენდა.
საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე თამაზაშვილმა.
„პრეზიდენტი, რომლისთვისაც მართლაც კარდაკარ ვიარეთ, რომ რეიტინგი აგვეწია და გაგვეყვანა, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც წინასწარ დააანონსა ერთ- ერთმა კოლეგამ ნაციონალური მოძრაობიდან. მან წინასწარ იცოდა დეტალურად ვეტოს შინაარსი!
გული ამაზე მწყდება... სხვა ისეთი არაფერი არ მომხდარა, ბერკეტი აქვს და იყენებს.. უბრალოდ დღეს მაგ ბერკეტსაც დაკარგავს.. არა კი არ ვართმევთ, უბრალოდ ვეტოს დავძლევთ!", - დაწერა ალექსანდრე თამაზაშვილმა.