
ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა გააცურეს დიეგო მარადონა, რომელსაც ეგონა, ავტოგრაფს იძლეოდა, სინამდვილეში კი ხელი „აღიარებაზე“ მოწერინეს.
ამ ხელმოწერის მიხედვით, რომელიც ბრაზლიელი ჟურნალისტების მიერ დაწერილი ტექსტის ქვეშ მოხვდა, მარადონა „აღიარებს“, რომ პელე მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელია:
„მე, დიეგო არმანდო მარადონა, ამ დოკუმენტის მეშვეობით, ვადასტურებ, რომ პელე, ეჭვგარეშე, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია." - წერია ტექსტში, რომელიც უკვე გამოაქვეყნა რამდენიმე ბრაზილიურმა გამოცემამ.
დიეგო მარადონას ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. პელესა და მარადონას შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლას ამ დრომდე ბევრი არ მიიჩნევს დასრულებულად - ფეხბურთის მოყვარულთა აზრები იყოფა.
ამავე დროს, ისტორიას თავად პელესა და მარადონას არაერთი შესიტყვება ახსოვს. ერთერთი მაშინდელია, როცა დიეგო მარადონა ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ კუბაში ჩავიდა და იქიდან გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. მაშინ წერდნენ, რომ პელე და მარადონა ერთმანეთს დერეფანში გადაეყარნენდა პელემ მას გამოჯანმრთელება მიულოცა:
„ძალიან გამიხარდა, შენი გამოჯანმრთელების ამბავი როცა შევიტყვე“.
მარადონამ მას ხელი ჩამოართვა, მადლობა გადაუხადა და უთხრა: „დარწმუნებული ვარ, შენ კი გაგიხარდებოდა, მაგრამ აი, შენს ვაჟს კი ნამდვილად ეწყინებოდა“.
შეგახსენებთ, რომ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ვაჟიშვილი ნარკოტიკების გასაღების გამო პოლიციის მხრიდან იდევნებოდა და ამ ბრალდებით სასჯელიც აქვს მოხდილი.