
საქართველოს პრემიერ მინისტრმა არჩევნების შედეგები შეაჯამა. ღარიბაშვილის განცხადებით, კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ყველგან ლიდერობს და ხელისუფლებამ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესძლო.
"მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ პირველად ვიხილეთ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა 16 ათასი კანდიდატი. ჩვენ ჩავატარეთ ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები, ყველა ამომრჩევლის ხმა იყო დაცული და ხელისუფლება არ ჩარეულა ამ მუშაობაში.
მინდა, გულწრფელად გადავუხადო მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არჩევნებში, მინდა მივულოცო ჩვენი კოალიციის გამარჯვება ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენ ვლიდერობთ ყველა ოლქში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ,,ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის დემოკრატიულად მართვა,“– განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, თვითმართველობის შესახებ ახალი კოდექსი იყო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ,,გაცნობიერებული გვქონდა, რომ უპრეცენდენტო ბარიერი შემოვიღეთ, გაცნობიერებული გვქონდა, რომ გაიმართებოდა მეორე ტური და შეგნებულად წავედით ამაზე ,რადგან მთავარი ამოცანაა, ხალხი შევაჩვიოთ დემოკრატიულ არჩევნებს“–განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ მეორე ტურმა, შესაძლოა, ,,მეტი სარგებელი“ მოუტანოს ხელისუფლებას, რადგან ეს უპრეცენდენტო შემთხვევა და დემოკრატიის ნიშანია.
,,მესმის რომ მეორე ტური რამდენიმე ოლქში უნდა გაიმართოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეგვიძლია ამ პრეცენდენტის დაშვებით, პრეცენდენტის, რომელიც იქნება მეტი დემოკრატიის მომტანი.“– განაცხადა მან.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ,,რევოლუციური თვითმართველობის არჩევნები“ ჩაატარა. ღარიბაშვილმა ისიც განმარტა, თუ რატომ მიულოცა ნაადრევად დავით ნარმანიას თბილისის მერობა.
,,გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პირველადი მონაცემები, ხაზგასმით აღვნიშნე ,რომ იმ მომენტისთვის დავით ნარმანია ლიდერობდა, დარწმუნებული ვარ, ნარმანია გახდება ქალაქის მერი“– განაცხადა მან.