
ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი მეუღლის, ბაჩო ახალაიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გია გორგაძე ჰყვება, რომ ახალაიასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და შესაბამისად, ყოფილ მინისტრს არც მის წამებაში მიუღია მონაწილეობა.
ვიდეოს მიხედვით ირკვევა, რომ გორგაძეს 2014 წლის 7 თებერვალს დაანონსებულ პრესკონფერენციაზე სწორედ ამის თქმა სურდა, რისი საშუალებაც არ მისცეს.
„როგორც ყველას გახსოვთ, 2014 წლის 7 თებერვალს ბაჩოს საქმის მთავარი ე.წ. "დაზარალებული" და "მოწმე" გია გორგაძე აპირებდა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციის ჩატარებას, რა დროსაც იგი ტელევიზიის ეზოდან გაიტაცეს სამართალდამცავებმა, მწამებელი გამომძიებლის გურგენ გილაურის მეთაურობით (რომელმაც აწამა და გაიტაცა არაერთი მოწმე, მათ შორის შალვა თათუხაშვილი).
თუმცა, გია გორგაძე რამდენიმე დღის შემდეგ, კერძოდ 11 თებერვალს ისევ მოვიდა ჩემს ოფისში და მითხრა, რომ მას უნდოდა სიმართლის თქმა, რაც ავსახეთ ვიდეო ფირზე.
გაჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ვაქვეყნებდი ამ ვიდეოჩანაწერს აქამდე. გიპასუხებთ, რომ არსებობს ორი მიზეზი, ერთი არის ის, რომ დღეს არის ბოლო ვადა და დღეს ყველა მტკიცებულება იგზავნება სასამართლოში, ანუ, ვეღარ "დაკითხავენ" გია გორგაძეს და ვერ მიაცემინებენ კვლავ ზეწოლის ქვეშ ცრუ ჩვენებას და მეორე მიზეზი არის ის, რომ თუ მე ეს ვიდეო ზეწოლით და მუქარით მოვიპოვე (რასაც ალბათ იტყვის პროკურატურიდან დაწყებული მანანა კობახიძით დამთავრებული ყველა ქოცი, როგორც აქამდე აკეთებდნენ), მაშინ რატომ არ განაცხადა გია გორგაძემ ამის შესახებ ამ 3 თვის განმავლობაში?!“, - წერს ანი ნადარეიშვილი.