
ახალ ტურისტულ სეზონს საქართველო კვლავაც ისეთი დელიკატური პრობლემით ხვდება, როგორიც საზოგადოებრივი ტუალეტების დეფიციტია.
ბიოტუალეტების პრობლემა განსაკუთრებით მთაში იგრძნობა, რომელზეც ქვეყანა ტურიზმის განვითარების ძირითად იმედებს ამყარებს, ტურისტს კი ელემენტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება არ აქვს.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2011 წელს 33 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობისთვის 2 500 000 ლარი გამოიყო, ტენდერის გამოცხადების შემდეგ კი აღნიშნული თანხა 200 ათასით შემცირდა და პროექტის განხორციელება ტენდერში გამარჯვებულ 9 კომპანიას დაევალა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა 2012 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტის განხორციელება 2012 წლის მაისში დაიწყო და მისი დასრულება იმავე წელს ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის მხოლოდ 31 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობაა დასრულებული.