
რედაქციისგან: ბოლო დროს საქართველოში, ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში „ინცესტი დაკანონებულია“.
ერთერთი ბოლო განცხადება ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ მოსაზრების გამოთქმისას, 1 მაისს, განაცხადა:
"ვერასდროს ვერ მივიღებ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას და ინცესტის დაკანონებას. არის ქვეყნები ევროპაში, სადაც ინცესტი დაკანონებულია. მათ თავის საქმე თვითონ იციან. ჩვენს ქვეყანაში ეს მიუღებელია. თუ არჩევანია ინცესტის ნორმად აღიარებასა და იქ, სადაც ვართ, იმას შორის, (და მე არ ვარ რუსეთში, მე საქართველოში ვარ), მე მინდა დავრჩე ჩემს ქვეყანაში".
ევროპის ზოგ ქვეყანაში ინცესტის დაკანონების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში, რუსეთმა დაახლოებით ორი წლის წინ გადაიტანა. ამის დასტური რუსულ მედიაში გამოქვეყნებული, უკვე არქივის კუთვნილი მასალებია.
აღსანიშნავია, რომ ცალკეული სტატიებისა და ბლოგპოსტების გარდა, რუსულ სოციალურ ქსელებთან, კერძოდ, კარგად ცნობილ "Вконтакте"-სთან დაკავშირებით არსებობს ონლაინპეტიციაც, სადაც ცალსახადაა ხაზგასმული, რომ ეს სოციალური ქსელი პედოფილიის, ზოოფილიისა და ინცესტის პროპაგანდის საშუალებად გადაიქცა და თვალსაჩინოების სახით მოტანილია ქსელში არსებული სხვადასხვა ჯგუფების შესაბამისი სახელწოდებები (მაგალითად, მხოლოდ "ინცესტის" სახელწოდებით 2013 წელს ასეთი 1.300-ზე მეტი ჯგუფი და გვერდი იძებნებოდა), შესაბამისი ფოტოებით, რომელთაგან ერთი ამ მასალას თან ერთვის.
ლაშა ბერულავა
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ რადიო „ეხო მოსკვის“ ბლოგპოსტს, რომლის ავტორია პედაგოგი და პუბლიცისტი ანდრეას რააცი. ბლოგპოსტი ვებგვერდზე 2013 წლის 31 მაისს გამოქვეყნდა და მისი სათაურია:
„ევროპაში „ინცესტის ლეგალიზებაზე“ ანუ, ვის აძლევს ხელს ანტიევროპული პროპაგანდა“
დღე არ გავა, რუსულ მედიასაშუალებებში არ გამოჩნდეს რეპორტაჟი „ევროპაში ღირებულებების გაუფასურების“ შესახებ. თანაც, ერთი რეპორტაჟი მეორეს სჯობს: ხან პედოფილების პარტიაზეა, ხან ზოოფილების უფლებების დაცვაზე, ხან „დედის“ და „მამის“ დასახელებათა ამოღებაზე.
და აი, ინტერნეტი ახლა უკვე „აყროლებულ ევროპაში“ თითქოსდა ინცესტის ლეგალიზების შესახებ სტატიებმა წალეკა. და მერე როგორ წალეკა - იმის დაწვრილებითი აღწერით, თუ ვინ ვისთან როგორ შვრება...
„ევროპა საერთოდ გაგიჟდა!“ - აჯამებენ მომხმარებლები თემას ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში. უნდა დაგამწუხროთ და გითხრათ, ძვირფასო მკითხველებო! ინცესტი რუსეთში დიდი ხანია, ლეგალიზებულია! ლეგალიზებულია სრულიად ოფიციალურად: რუსეთის კანონმდებლობა არ კრძალავს და არ ზღუდავს სექსუალურ ურთიერთობებს ახლო ნათესავებს შორის!
ასე რომ, რუსეთი ევროპასთან შედარებით, რომელიც ჯერაც განიხილავს ინცესტს, როგორც სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, უფრო ტოლერანტული გამოდის! მაგალითად, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ახლო ნათესავებს შორის სექსუალური კონტაქტისთვის. ანალოგიური კანონები ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინცესტის შესაძლო ლეგალიზაციის შესახებ ინფორმაცია უკავშირდება ერთსქესიანთა ქორწინების თემას. ეს ორმაგ ეფექტზეა გათვლილი: ერთი მხრივ, ივლება პარალელი ჰომოსექსუალიზმსა და იცესტს შორის და, მეორე მხრივ, იხატება სურათი, რომ ევროპაში ინცესტი ნორმადაა მიჩნეული, ხოლო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მალე მოხდება.
რა ხდება ამ მხრივ რუსეთში? დღეს რუსეთში აკრძალულია ქორწინება ახლო ნათესავებს შორის, მაგრამ კანონმდებლობა არანაირ შეზღუდვას არ აწესებს სისხლის აღრევის გამომწვევ სექსუალურ კონტაქტებზე, ანუ, რუსეთში ინცესტი აბსოლუტურად ლეგალურია.
ისტორიულად კი რუსეთში სისხლის აღრევის გამო პირველ სასჯელთა შესახებ ცნობები ჯერ კიდევ კნიაზ იაროსლავის დროიდან, ანუ, მე-12 საუკუნიდან მოიპოვება. მკაცრად ისჯებოდა სისხლის აღრევა ძმასა და დას, მამასა და შვილს, მამამთილსა და რძალს შორის.
1885 წელს გამოცემული კანონის მიხედვით, სისხლის აღრევაში ბრალდებულები ისჯებოდნენ „საკუთრების ყველა უფლების ჩამორთმევითა და ციმბირის ცალკეულ განყოფილებებში გაგზავნით, ციხეში, განმხოლოებულად ექვსი წლისა და რვა თვის გატარებით“.
ამის მიუხედავად, მეფის რუსეთში განსაკუთრებულად იყო გავრცელებული ე.წ. „სნოხაჩესტვო“, ანუ სისხლის აღრევა მამამთილსა და რძალს შორის. რუსეთის იმპერიის ცალკეულ ნაწილებში, გლეხების ოჯახებში აღინიშნებოდა ასევე სისხლის აღრევა ოჯახში უფროს ძმასა და დებს შორის. იმ ადგილებში, სადაც ეს ცხოვრების ჩვეულ ნორმად ითვლებოდა, ქორწილის დროს სასიძო პატარძალს სიმბოლურად არა საპატარძლოს მშობლებისგან, არამედ მისი უფროსი ძმისგან გამოისყიდიდა ხოლმე, რომლის თანხმობა განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, რათა გოგონა გათხოვილიყო.
ინცესტისა და სხვა ფორმით სისხლის აღრევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 1922 წელს, რსფსრ-ის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედების შემდეგ გაუქმდა.
ასე რომ, თუნდაც ინცესტის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნის საკითხი ევროპის რომელიმე ან რამდენიმე ქვეყანაში განიხილებოდეს, აღსაშფოთებელი რა არის? გამოდის, რომ ევროპა სისხლის სამართლებრივ დევნას აუქმებს იმ თემაზე, რაზეც ის რუსეთმა ჯერ კიდევ 1922 წელს გააუქმა. სადაა ლოგიკა?
ლოგიკის პოვნა ძნელი არ იქნება, თუ ამ პროპაგანდის მიზანს დავაკვირდებით, რაც არაფერია, თუ არა „ევროპის დემონიზაცია“.
ეს მიიღწევა არასრული ან შეგნებულად დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით, ხოლო როცა ამის შესახებ იუწყებიან ცენტრალური ტელევიზიები და წერენ მრავალათასიანი ტირაჟის გაზეთები, ძნელია, არ დაიჯერო - რომ არ მეცხოვრა ევროპაში, მეც დავიჯერებდი. რკინის ფარდა და ცივი ომი ბრუნდება. თუმცა, ახლა ეს ომი საინფორმაციო ომია.
ბოლოს კი, მოსალოდნელ შეკითხვებზე საპასუხოდ, აქედანვე აღვნიშნავ, რომ მე არც მხარს ვუჭერ და არც ვიცავ ინცესტს“.
ანდრეას რააცი
რუსულ სოციალურ ქსელ "ვკონტაქტე"-ში "ინცესტის" დასახელებით მოძიებული გვერდები და ჯგუფები: