
ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 53 წლის არგენტინელი დიეგო მარადონა აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში იგი ფეხბურთის მოედანზე კვლავ გავა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლეგენდარული სპორტსმენი თამაშს არა რომელიმე ცნობილი გუნდის, არამედ მეხუთე დივიზიონის Deportivo Riestra-ს სასარგებლოდ აპირებს. ამ კლუბის მფლობელი მარადონას მეგობარი გახლავთ.
Deportivo Riestra-ს მფლობელი ვიქტორ სტინფალია, ამასთანავე ეს უკანასკნელი მარადონას ადვოკატია. სწორედ მას დაებადა იდეა, მსოფლიო დონის ფეხბურთელი კვლავ გაიყვანოს მოედანზე. გასული წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიეგო მარადონა Deportivo Riestra-ს ერთერთ მწვრთნელად დაინიშნა.
სწორედ მაშინ ჰკითხეს ფეხბურთელს ჟურნალისტებმა, გეგმავს თუ არა კვლავ მოედანზე დაბრუნებას. „მე მსურს თამაში“, - ლაკონურად უპასუხა მარადონამ. როგორც ჩანს, ეს ცარიელი სიტყვები არ ყოფილა.
მოსალოდნელია, რომ მარადონას დებიუტი Deportivo Riestra-ს რიგებში მიმდინარე წლის 23 მარტს შედგება.