
ახალი სპორტის სასახლისთვის შერჩეულ ტერიტორიასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე. მას კურიოზულად ეჩვენება, რომ ახალი სპორტის სასახლის ხედები სასაფლაოზე გადის, რაც დამთრგუნველად იმოქმედებს სპორტსმენებზე.
ამ თემაზე ლუკა კურტანიძე "აიპრესთან" საუბრობს. სასაფლაოებით გარშემორტყმულ ახალ სპორტის სასახლეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2015 წლის სპორტული ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის აშენებს, თუმცა ობიექტი სამომავლოდ გათვლილია სხვადასხვა მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებისათვის.
"მე როგორც პროფესიონალი და გამოცდილი სპორტსმენი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჯერ ადგილმდებარეობით არის შეუფერებელი, რამეთუ სასაფლაოს ტერიტორიაზე შენდება და ირგვლივ, სამივე მხრივ სასაფლაოებია. ეს არ არის სპორტული ღონისძიების, სპორტული ობიექტისთვის მიზანშეწონილი ადგილი" - განაცხადა ლუკა კურტანიძემ "აიპრესთან" საუბრისას.
"ჩვენ გვინდოდა სპორტის სასახლე აშენებულიყო იმ 5 ობიექტთან, რომელიც ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზეა და შემდეგ არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი მძლავრი ოლიმპიური სოფელი იქნებოდა.
ადგილი დღესაც არის ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე სპორტის სამინსიტრომ და მინისტრმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. ამ ნებსით თუ უნებლიედ დაშვებულ შეცდომებზე უნდა აგოს პასუხი იმ ადამიანმა, ვინც აიღო ამის პასუხისმგებლობა", - ამბობს კურტანიძე.
პარლამენტის წევრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი სპორტის სასახლე, ფესტივალის დაწყებამდე ვერ მოესწრება და სახელმწიფოს მოუწევს, დამატებითი თანხების გამოყოფა და ობიექტების მოძიება.
"ვერანაირად ვერ მოესწრება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ეს ობიექტი და მოუწევს ქვეყანას კიდევ ერთხელ სხვა ობიექტის მოძიება და კიდევ რამდენიმე მილიონი იქნება დასახარჯი", - ამბობს ლუკა კურტანიძე.
წყარო: ipress.ge ; "აიპრესის" ფოტო.