
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს პროგნოზირებს და ამბობს, რომ ის სექტად ჩამოყალიბდება, სადაც ათი კაცი დარჩება. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ-ში ერთმანეთს ვერ იტანენ, გაუგებარ დაპირებებსა და ენერგიას აძლევენ და რომ ენმ დესტრუქციული ძალაა.
„რეაქციაში“ საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა დაასკვნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი მთავარი ამოცანაა, გაიხანგრძლივონ არსებობა.
"ნაციონალური მოძრაობა არის ჩვეულებრივი დესტრუქციული ძალა. რომელიც დღითიდღე სუსტდება, არიან პანიკაში. აქვთ შიდა ბრძოლები. და სააკაშვილის ერთადერთი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება გაახანგრძლივოს ამ გუნდის ერთობა. შიგნით საშინელი მდგომარეობა აქვთ ახლა, მე ვიცი ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს აძლევენ იმედს. შეგახსენებთ, რომ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სააკაშვილმა მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ აი ჩვენ აპრილში დავბრუნდებით და ყველა აპრილზე იყო გადართული.
ანუ თავის თავს ატყუებენ. ერთმანეთს ატყუებენ. ერთმანეთს აძლევენ გაუგებარ ენერგიას და გაუგებარ დანაპირებს. შემდეგი იყო შემოდგომა. ახლა შემოდგომა იყო, მერე გაზაფხული იქნება. და ასე იქნებიან და ბოლოს დარჩება 10 კაცი. რაღაც სექტად ჩამოყალიბდება და იქნებიან ასე..." - აცხადებს პრემიერმინისტრი.