
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ნოემბრის მიტინგს "მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციას" უწოდებს და აცხადებს, რომ "ნაციონალები" რეგიონებიდან 15 ლარად ხალხის ჩამოყვანას აპირებენ, რათა მათ ერთმანეთი აცემინონ.
"15 ნოემბრის აქცია, რა თქმა უნდა, სასაცილოა. არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანოსნებულ აქციასთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ როგორც მითხრეს, ისინი გეგმავენ გარკვეულ პროვოკაციას.
მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ის ინფორმაცია, რაც მე მომივიდა – "ნაციონალები" აპირებენ, რომ 15 ლარი გადაუხადონ გაჭირვებულ მოქალაქეებს, ჩამოიყვანონ ისინი რეგიონებიდან, სოფლებიდან და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ.
აი, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მე აღარ მინდა მათზე დიდი დრო დავხარჯო. ყველამ ვიცით, რომ ცხინვალის ოკუპაცია მათი დამსახურებაა. ამასთან დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მივიღეთ 25 000 დევნილი სწორედ მათი პოლიტიკის შედეგად.
ასე, რომ რასთან დაკავშირებით უნდა მოაწყონ აქცია? – აქცია მათ თავიანთ თავს უნდა მოუწყონ".