გოჩა გვარამია მთავრობას - "შეიგნეთ: ქვეყანას მართავთ, „მონოპოლს“ კი არ თამაშობთ..."

Image

დამოუკიდებელი ექსპერტი გოჩა გვარამია საქართველოს მთავრობის წევრებსა და მთავრობის მეთაურს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და რჩევებსაც აძლევს.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ გოჩა გვარამიას წერილს:

 

უკვე ორი წელია რაც საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის მიმართ საგარეო პოლიტიკა შეცვალა. ეს ცვლილება კი, უნდათ ეს თუ არა, ოკუპაციის თემასთან მიმართებაში მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებაზე აისახება. რუსეთს კი არაფერი შეუცვლია. პირიქით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ოკუპაციის დასაკანონებლად იყენებს.

 

თავიდანვე გავერკვიოთ ერთ რამეში - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია უკვე 20 წელიწადზე მეტია და იმის მტკიცება, რომ წინა, "სააკაშვილის მთავრობამ" გადაულოცა რუსეთს, სულ მცირე უმეცრებაა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნახევარ მილიონზე მეტი გამოდევნილი მოსახლების, ამ ტერიტორიებზე ჩატარებული ქართველთა ეთნოწმენდის მსხვრეპლთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის შეურაცხყოფაა.

 

ამასთან, მუდმივად ამ თემით სპეკულირება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რუსეთთან მიმართებაში არჩეული პოლიტიკის კრახს, საკუთარი პოლიტიკური უმეცრების სხვაზე გადაბრალებას წარმოადგენს. ეს  - საუკეთსო შემთხვევაში.

 

უფრო მკაცრად თუ შევაფასებთ იმაზე დაყრდნობით, რომ ხელისუფლების განცხადებით ისინი საკმაოდ გათვლილ პოლიტიკას აწარმოებენ, მაშინ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ელემენტარულად მაინც ერკვევა ამ საკითხებში და საქართველოს პატრიოტს წარმოადგენს, და რომელსაც ოკუპანტთან მიმართებაში აქვს შესაბამისი, არაკაპიტულანტური დამოკიდებულება, ქვეყნის ღალატის შეფასებას მისცემს და ნამდვილად არ შეცდება.

 

ოდნავ ლირიკულ გადახვევას თუ გავაკეთებთ, ასეთ ადამიანებს მუხლებზე დაჩოქილ ცხოვრებას, წელში გამართულად ბრძოლა და სამშობლოსთვის სიკვდილი ურჩევნიათ.

 

სანამ უშუალოდ ძირითად საკითხზე გადავიდოდეთ, არ შეიძლება არ შევეხოთ იმ საკითხსაც, თუ როგორ "ამართლებს" და მიღწევად წარმოაჩენს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთთან წარმოებულ პოლიტიკას.

 

ხელისფულების ნებისმიერი შტოს წარმომადგენელს თუ შეეკითხებით - რა მოიტანა თქვენმა რუსეთთან ამ "დათბობის პოლიტიკამ" - აუცილებლად ერთხმად გიპასუხებენ - "სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთთან დაწყებული პრაგმატული პოლიტიკა, ჩვენ წარმატებით გავაგრძელეთ და გავაღრმავეთ, რის შედეგად დღეს ქართველმა მეწარმეებმა და გლეხებმა ამოისუნთქეს. მათთვის გაიხსნა რუსეთის უდიდესი ბაზარი".. და ა.შ.

 

მოდით შევიგნოთ ერთი რამ - მას შემდეგ, რაც საქართველომ თანხმობა განაცხადა მისი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებაზე და ამ ორგანიზაციის წევრი გახდა, კრემლის მესვეურები, უბრალოდ, ვალდებულნი იყვნენ რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის გაეღოთ. თუმცა, ეს პროცესი იქამდე გაჭიმეს, რომ ბაზრის გახსნა ხელისუფლების ცვლილებასთან ყოფილიყო ასოცირებული.

 

ასე რომ, იმით აპელირება, თითქოს რუსეთის ბაზარის გახსნა ახალი ხელისუფლების დამსახურებაა - უბრალოდ ამ უკანასკნელთა მიერ საკუთარი თავის უსუსური გაპიარების მცდელობაა და სხვა არაფერი. ასეთი ფაქტების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ შორს წავალთ. ამიტომაც, ძირითად საკითხზე გადავიდეთ.

 

ბოლო პერიოდის გახმაურებულ თემებს შორის დაღესტნიდან საქართველოს მიმართულებით რუსეთის მიერ ახალი სამხედრო დანიშნულების გზის მშენებლობა, პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული აფხაზთა "თვითგამორკვევის" შესახებ განცხადება და რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების" პროექტის განხილვა გახლდათ.

 

ერთი შეხედვით თითქოს ამ სამ თემას არაფერი საერთო არა აქვს, მაგრამ მოდით მიანც ვცადოთ მათი დაკავშირება.

 

რუსეთმა განაცხადა, რომ დაღესტანში იწყებს საქართველოსთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობას და ამას ერთი შეხედვით ვითომ რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ორმხრივი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელების და მშვიდობიანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობით ხსნის.

 

ამ ინფორმაციას საქართველოში არაერთგვაროვანი განცხადებები მოჰყვა. თუმცა საქართველოს მთავრობა, ისევ გასული და უკვე ისტორიად ქცეული 9 წლის მმართველობის სრულიად უადგილო მორიგი გახსენების ფონზე, სხვადასხვა დონეზე აცხადებს რომ - რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ვერანაირ მშენებლობას ვერ ავუკრძალავთ.

 

ამ ფრაზას ნამდვილად ვერანაირად ვერ შეეწინააღმდეგები, მაგრამ ხომ შეიძლება ამის გაგრძელებად განაცხადო და მსოფლიო საერთშორისო საზოგადოებას გააგებინო, რომ რუსეთი ამ პროექტით რეგიონში მორიგი დაძაბულობის კერის ჩამოყალიბებას იწყებს.

 

თუმცა, ამის გასაცხადებლად საჭიროა ერთი უმნიშვნელოვანესი რამ - საქართველოს მთავრობა რუსეთთან, ანუ ოკუპანტ ქვეყანასთან უნდა აწარმოებდეს არა ფსევდო-დათბობის, არაფერი სასიკეთოს მომტან, არამედ არსებული ვითარების შესაბამის პოლიტიკას.

 

სამწუხაროდ, როგორც ვუკვირდები, მთავრობაში ბევრი ამ საკითხს ზერელედ უყურებს. მოდით, ცოტა ღრმად ჩავიხედოთ ამ თემაში:

 

-         2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსი პოლიტიკოსები, სამხედრო ექსპერტები და გენერლები ღიად იწყებენ საუბარს საქართველოს გავლით სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის მომარაგებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოზე გავლით სამხედრო კორიდორის გაჭრის აუცილებლობაზე;

 

-         პუტინი, მესამედ გაპრეზიდენტობამდე რამდენიმე თვით ადრე დაღესტანში ყოფნისას თავადაცვის სამინისტროს გენშტაბის წარმომადგენლებს სწორედ იმ გზაზე, რომელსაც ეხლა აშენებენ, შეეკითხა - რამე რომ იყოს როდისთვის შეძლებენ ჩვენი ტანკები აქ შეუფერხებლად გავლას... ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა მიმართულებაზეა საუბარი

 

-         დაახლოებით იმავე პერიოდში სომხეთში ტარდება ე.წ. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ევრაზიული კავშირის გაფართოების საკითხებს და შესაბამისად ამ კავშირში სომხეთის მიღების პერსპექტივებს ეხებოდა. ამ კონფერენციაზე კრემლიდან მივლენილმა ე.წ. ექსპერტმა პირდაპირ განაცხადა - მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის არ არსებობს ერთობლივი სახმელეთო საზღვარი, ეს საკითხიც გადაჭრადია და ახლო მომავლაში ასეთი საზღვარი აუცილებლად იარსებებს. აქაც ადვილი მისახვედრია თუ რომელი სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება ეს.

 

ახლა ისმის კითხვა რა გვაქვს ამ მიმართულებით დღეს?

 

-         დღეისათვის დაღესტნის ამ მიმართულებაზე უკვე მწყობრშია 300-დე საწოლზე გათვლილი სამხედრო ჰოსპიტალი

 

-         სომხეთი მიიღეს ევრაზიული კავშირის ერთიან საბაჟო სივრცეში

 

-         დაწყებულია საქართველოსკენ მომავალი ახალი გზის მშენებლობა. თუ ვინმე დაინტერესდება, ადვილად დაინახავს, რომ აღნიშნული გზა შენდება იმ გათვლით, რომ მასზე მძიმე სამხედრო ტექნიკამ შეუფერხებლად გაიაროს.

 

-საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ეს გზა ეკონომიკური დანიშნულების იქნებაო. ერთი საინტერესო კითხვა კი იბადება - საქართველოს მთავრობაში, სადაც ამდენი ადამიანი მუშაობს, ნუთუ არ მოიძნება ერთი მაინც ისეთი სპეციალისტი, რომელიც არ დაიზარებს და საქართველოს ირგვლივ გავრცელებული ინფორმაციის, განსაკუთრებით რუსეთის პოლიტიკოსებისა და სამხედროების მიერ გავრცელებული განცხადებების მონიტორინგს ჩაატარებს და ამ ინფორმაციის ანალიზს გააკეთებს?!...

 

ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე - პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც იგი ამბობს, რომ თურმე აფხაზებს 25 წლის უკან დაუწყიათ თვითგამორკვევისათვის ბრძოლა და შემდეგ, რამდენიმე დღის მერე, საკუთარ გამონათქვამს ახსნა-განმარტებას უკეთბს - ეს თვითგამორკვევა საქართველოს შემადგენლობაში ვიგულისხმეო.

 

პირველი, რაც ყურად უნდა იღოს ბატონმა პრემიერმა - თვითგამორკვევა საქართველოს შემადგენლობაში ვერანაირად მოხდება - აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და იგი დღეისათვის რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელთანაც  დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული და თქვენს მიერ წარმატებით გაგრძელებული, ასე "დამთბარი" ურთიერთობა გაქვთ.

 

მეორე საკითხი, უფრო სწორედ კითხვა მინდა დავსვა ამავე თემასთან დაკავშირებით - თუ ბოლო 25 წელიწადი აფხაზებისათვის იყო თვითგამორკვევისათვის ბრძოლა, მაშინ ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ დაღვრილი სისხლი რა ბრძოლას მიეკუთვნება? რისთვის იბრძოდნენ ჩვენი გმირები?... აფხაზების სამართლიანი თვითგამორკვევისათვის ბრძოლის სისხლში ჩასახშობად?! თუ მაინც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის?!..

 

ეს თემა მეგობრული რჩევით მინდა დავასრულო. ბატონო პრემიერო, საკმაოდ განათლებული და ერუდირებული პიროვნება ბრძანდებით. აუცილებლად გსმენიათ, მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო ასე გამიგია და ამიტომაც, თავს უფლებას მივცემ შეგახსენოთ - ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

 

ამით ის მსურს მიგანიშნოთ, რომ როდესაც უნებლიედ რაღაც წამოგცდებათ, ნუ ცდილობთ მისი ახნისას, იმაზე ბევრად უარესი თქვათ, ვიდრე პირველად წამოგცდათ... დამერწმუნეთ, კიდევ მეტ უხერხულ მდგომარეობაში იგდებთ თავს. და საერთოდ - შეცვალეთ მრჩეველი და თანაშემწე, ვინც გიგროვებთ მასალებს და გიმზადებთ ასეთ ტექსტებს.

 

და მესამე თემა - აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების" პროექტის შესახებ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ იყო და ერთხმად, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე პარლამენტის უმრავლესობაში ერთმანეთის მოსწრებაზე აკეთეს განცხადებები, რომ ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ არსებობს. აღმოჩნდა, რომ არსებობს და აფხაზეთშიც კი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ მას.

 

ამის შემდეგ, ჩვეული "სიდინჯით" დაიწყეს ახსნა, რომ ჯერ თვითონ აფხაზები გაერკვიონო... შემდეგ პრემიერის ცნობილი განცხადება "აფხაზების თვითგამორკვევაზე" ... შემდეგ უარის თქმა პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც სამომავლოდ განსაზღვრავდა და მთავრობას საგარეო პოლიტიკის კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას დაავალებდა.

 

მაგრამ პარლამენტმა მხოლოდ არაფრისმთქმელი განცხადება მიიღო - რეზოლუცია ხომ ნაციონალების იდეა იყო. სამაგიეროდ მთავრობამ სასწრაფოდ მოიწვია მის მიერვე შექმნილი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ხოლო შემდგომ მთავრობის გაფართოებული სდომა გამართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

 

ამ სხდომებზე გადაწყდა, როგორც ამას სააგენტოები აცხადებენ - "რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობა პროაქტიურ საგარეო პოლიტიკას იწყებს". ყველაფერი კარგი, მაგრამ აი ეს ტერმინი - "პროაქტიური" ვერაფრით გავიგე რას ნიშნავს.

 

თუმცა ამას ყველაფერს თუ სხვა კუთხითაც შევხედავთ, მაშინ ადვილად დავინახავთ, რომ ეს მასკარადი კიდევ ერთხელ იმისათვის ჩატარდა, რომ პრემიერს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა - ამ ქვეყანაში მე ვარ ბატონ-პატრონი და პირველი სიტყვა მე მეკუთვნისო.

 

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტს იქით დაავალა კიდევაც. თორემ რა მოხდებოდა რომ პარლამენტს მიეღო რეზოლუცია და არა არაფრის მაქნისი განცხადება?..

 

ისე ერთი კითხვა მაქვს - ეგ პროექტი რომელიმემ ბოლომდე წაიკითხეთ? იცით რა წერია ამ დოკუმენტში? იცით რატომ გამოიწვია თვით აფხაზებში უკმაყოფილება?..

 

ახლა კი თავში დასმულ საკითს დავუბრუნდეთ - რა აერთიანებს ამ სამივე თემას. საერთო კი მარტივი რამ არის - დილეტანტიზმი, ყოვლისმცოდნებაზე პრეტენზია და პირველკაცობის წყურვილი. საერთო ჯამში კი ქვეყანა ზარალდება.

 

ერთ რჩევას მოგცემთ - არ აქვს საქართველოს იმის ფუფუნება, დაკავდეს რაღაც უაზრო პირადი, პიროვნული შურისძიებებით და, რაც მთავარია, საკუთარი განდიდების მანიის შეპყრობით.  

 

საქმეს მიხედეთ!  შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ - მთავრობას მართავთ! სახელმწიფოს და ერის ბედის გადაწყვეტის სადავეები გიჭირავთ ხელში! სახელმწიფოს მართავთ და არა „მონოპოლს“ თამაშობთ!

 

მორჩით ამ უაზრო ბუტიაობას - არც თქვენ ხართ მანდ სამუდამოდ...

 

კეთილი სურვილებით, გოჩა გვარამია

დამოუკიდებელი ექსპერტი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !