-
2014-10-22 15:25
საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ეკა ბესელიას ინიციატივით მიღებული ამნისტიის გამოყენებაზე უარი თქვა. ამ ამნისტიით მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს - თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით 1/3 აკლდებოდა.
განცხადებას ამნისტიაზე უარის თქმის შესახებ "ფეისბუქში" "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ავრცელებს.
"დღეს ჰაკიმ ფაშას მონა მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოიტანა უკანონო განაჩენი ბაჩო ახალაიას საქმეზე და მას მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც ავტომატურად ამნისტიით აკლდება 1/3 და საბოლოო ჯამში ბაჩოს მიესაჯა 7 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა.
ჩვენ ეკა ბესელიას ამნისტიაზე ვაცხადებთ უარს!!! მოგეხსენებათ გუშინ რუსთავის2-ის ეთერში ბესელიამ მისდაუნებურად (უკვე მერამდენედ) წინასწარ დააანონსა, რომ ბაჩო ახალაია იყენებს მის ამნისტიას, რასაც ტყუილი ვუწოდე, ვინაიდან ბაჩო ყველა საქმეში გამართლდა და შესაბამისად მას არ ქონდა არცერთი მუხლი მისჯილი, თუმცა დღეს დადასტურდა, რომ სწორედ დღევანდელ უკანონო განაჩენზე იყო საუბარი!
არანაირი მნიშვნელობა არააქვს პოლიტიკური პატიმრისთვის რამდენ წელიწადს მიუსჯიან მას - 1,2,3,10 თუ 30-ს, ვინაიდან როგორც კი ეს რუსეთის მონა ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ გაიცოცხება ისე, როგორც მოეცოცხა, ბაჩო ახალაია უმალვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო ყველა ის ფალსიფიკატორი, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის შეთითხვნაში და შემდგომ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში, უმკაცრესად დაისჯებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ისე, როგორც ეს მოხდა ტიმოშენკოს შემთხვევაში. ამ დროს კი სულ უფროდაუფრო ვუახლოვდებით!", - წერს ანი ნადარეიშვილი.