
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არ აპირებს იმის ფსიქოანალიზს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს და არ საუბრობს იმაზე, ეს კვალიფიკაციის ნაკლებობის შედეგია თუ მიზანმიმართული ქმედებები, რადგან ქვეყნისთვის მთავარი არის შედეგი და ეს შედეგი არის დამღუპველი.
გიგა ბოკერიამ "კურიერში" ჩართვისას ერთადერთი კითხვა დასვა: "აქამდე სად იყვნენ?". -
„აქამდე სად იყვნენ? აუცილებელი იყო, პრემიერს სრული სისულელე ეთქვა და მერე ეფიქრათ ამაზე?“ - ამბობს გიგა ბოკერია.
მისი თქმით, პარლამენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორედ არსებული პოლიტიკის შეცვლა შესთავაზა რეზოლუციის მიღების სახით, რაზეც უარი მიიღო და მეორე დღეს ამ მმართველი გუნდის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ პოლიტიკა იცვლება. ამიტომ, მისი თქმით, მკაფიოდ უნდა თქვას ხელისუფლება, რას აპირებს.
ბოკერია აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ რუსეთის ეს ახალი ინიციატივა „ფორმალური ანექსიაა", რაც დამატებით საფრთხეს ქმნის და აუცილებელია, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მოქმედებდეს:
ეს განცხადება, რომელიც თვით ივანიშვილის ხელისუფლებისგანაც კი მოულოდნელი იყო, მეტყველებს იმაზე თუ რამხელა გაუგებრობაშია ეს გუნდი და მისი ხელმძღვანელობა, როდესაც საქმე ეხება ქვეყბისთვის ფუნდამენტურ ინტერესებს. ჩვენი ხელისუფლება ისე იაზრებს და ისე ხედავს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის პრობლემას როგორც აწყობს ჩვენ მტერს.
ივანიშვილის გუნდი მოვიდა დეკლარირებული სურვილით, რომ საქართველო უნდა გაქრეს, როგორც დაპირისპირების საგანი დასავლეთს და რუსეთსა შორის. შემდეგ კი ჩვენ ვხედავდით ამის განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ და მიზანმიმართულად", - აცხადებს გიგა ბოკერია.