
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ღარიბაშვილი და, შესაბამისად, ივანიშვილი, ხელისუფლებას თვითონ "ქართულმა ოცნებამ" უნდა ჩამოაშოროს. უგულავა ღარიბაშვილს "შიზოფრენიკს" უწოდებს და იქვე დასძენს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ჯერ კიდევ "ბევრი განსაწმენდელი აქვს გასავლელი", დღეს ხელისუფლებაში მოსასვლელად მზად არ არის.
განცხადება გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე გააკეთა:
"ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა. თვითონ ქცევა უკვე ამ ადამიანის, სცდება ყველანაირი ჯანსაღი ადამიანის სტანდარტებს. გამოსავალი, ჩემი აზრით, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, არის ერთი, რომ თვითონ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, თუ ვინმეს კიდევ იქ ჯანსაღი აზრი აქვს შერჩენილი, თვითონ დაიწყოს პროცესი იმისა, რომ ხელისუფლებას ჩამოაშოროს ღარიბაშვილი და შესაბამისად, ივანიშვილი.
აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ის, რაც ელანდებათ ამ ადამიანებს, რომ ხვალ-ზეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად თუ მოსასვლელად მზად არ არის. მას ჯერ კიდევ ბევრი განსაწმენდელი აქვს გასავლელი.
თუ ეს ყველაფერი თვითონვე არ ალაგმა და თუ არ მოძებნა ძალა „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც შიგნით, თუ ვინმეს, ისევ ვიმეორებ, ჯანსაღი აზრი აქვს შერჩენილი, ქვეყანა ძალიან სახიფათო მიმართულებით მიდის და ამას მერე ვეღარავინ ვეღარ გააჩერებს“,-განაცხადა უგულავამ.