
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი გაზეთ „ახალ ვერსიასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი სწორედ ის ადამიანია, ვისაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია.
უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, პუტინს პრეზიდენტი შეხვდება, პრემიერი თუ მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი, ოდესღაც შეხვედრა უნდა შედგეს, თუმცა, „ამ ეტაპზე ეს ფონი არ არსებობს“.
„სამშობლოსთვის პუტინი მართლაც რაციონალური პოლიტიკის მომხრეა, რაც მისი ქმედებებიდანაც კარგად ჩანს, თუმცა იგივეს საქართველოსთან მიმართებაში ვერ გავიმეორებ. მიუხედავად ამისა, ვეთანხმები აზრს, რომ პუტინი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია.
დიახ, ჩემი აზრით, რუსეთი და ნატო თავსებადია. რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო და კულტურული თვალსაზრისით, უკვე დაიძრა. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. პუტინთან შეხვედრის მიმართულებით, ჯერჯერობით, არავინ მუშაობს, თუმცა ოდესღაც ეს შეხვედრა უნდა შედგეს.
მნიშვნელობა არ აქვს, პუტინს პრეზიდენტი შეხვდება თუ პრემიერი, ან მომავალი ხელისუფლების პირველი პირები, დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად დიალოგი აუცილებელია. ამ ეტაპზე, ეს ფონი არ არსებობს, შეხვედრა შეხვედრისთვის კი არავის სჭირდება", - ამბობს ინტერვიუში ირინა იმერლიშვილი.