
დიპლომატი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე კიდევ ერთხელ ეხმიანება დაღესტნიდან საქართველოში შემომავალი გზის მშენებლობას და მის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.
"ამა წლის 29 სექტემბერს 3 სამი შეკითხვა დავსვით: ვინ და როდის შეათანხმა ოკუპანტ სახელმწიფოსთან "Аваро-Кахетинская" გზის მშენებლობა და რატომ უმალავენ ამ შეთანხმებას საზოგადოებას?
რატომ ლაპარაკობენ კარასინი და მისი ქართველი "პარტნიორები" მლეთა-კობის გვირაბზე, რომლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და ხმას არ იღებენ "Аваро-Кахетинская" ტრასაზე, რომელიც უკვე შენდება?
როგორ არის, რომ დაღესტანელ "ბოევიკებს" ესმით ამ გზის გაყვანის საფრთხე და ე. წ. საქართველოს ხელისუფლებას არა?
არსაიდან ხმა, არსით ძახილი...
და უცბად კარასინ-აბაშიძის მორიგი სერობის წინ "ხელისუფლების" ყველა მოლაპარაკე თავმა ამ თემაზე კომენტარების გაკეთება დაიწყო. ერთმა ბრძანა, პრესიდან გავიგე და პრაღაში რუსებს ვკითხავთო. ანუ დაზვერვის და კონტრ-დაზვერვის მაგივრობას ამ "ხელისუფლებას" პრესა უწევს. მეორემ - ტანკი თუ ვერ გაივლის, არა უშავსო. ანუ ოკუპანტის ცოცხალი ძალა, ჯავშანტრანსპორტიორები, სატვირთო მანქანები ან მანქანებს ჩაბმული არტილერია პრობლემა არ არისო.
დეზინტეგრაციის მინისტრმა, ჩვენ არ ვაშენებთ გზას ჩვენ მხარეს და რუსებს, რაც გინდა ის უქნიათო. ამ "მოღვაწეს" კრემლი უყვარს, მაგრამ მის ბინადრებს იდიოტებათ თვლის: რუსეთი 2,5 მილიარდს ხარჯავს, 25-მდე გვირაბს და ხიდს აშენებს, იმისათვის რომ კავკასიონს მიაბჯინოს ცხვირი? თუ ქედზე გადმომდგარი ყვარლის მთების ცქერით დასტკბეს? თუ უკვე შეათანხმეს თავის "პარტნიორებთან" გზის მშენებლობა და ეხლა საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა საჭირო?
რისთვის სჭირდება რუსეთს საქართველოში შემავალი მესამე კორიდორი, ადვილი შესაგნებია სამოქალაქოში ჩაცმული "პოლიტოლოგების" გამოსვლებიდან. YouTube-ზე ეს გამოსვლები საკმარისზე მეტია. მარტო ვინმე ჩერნოვის სპიჩი რად ღირს ერევანში გამართულ კონფერენციაზე. მოუსმინეთ..."