
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიმინოგენურ სიტუაციას "აბსოლუტურად სტაბილურს" უწოდებს და აცხადებს, რომ ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართული პროპაგანდი მიმდინარეობს, რათა გაჩნდეს კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების განცდა.
განცხადება პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, მისი სიტყვები "ინტერპრესნიუსს" მოჰყავს:
"ბოლო 2-3 დღეა მე ვხედავ ისტერიკას, რომელიც ტელევიზიებში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელოვნურად ხდება ამ თემის აწევა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში კრიმინოგენური ვითარება არის აბსოლუტურად სტაბილური და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ.
შინაგან საქმეთა მინისტრი, მთლიანად სამინიტრო არის აბსოლუტურად მოტივირებული, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ პოლიციელები და ფასდაუდებელია მათი შრომა. ის, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმნა უნდა, არის ყველასთვის ძალიან მძიმე - არავისთვის არ არის სასურველი და მინდა მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ოჯახის მიმართ, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები, მაგრამ ყველა ქვეყანაში, ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ხდება დანაშაული.
არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს თავს ვიმართლებთ, ან ვიცავთ, მითუმეტეს, რომ ესაა ჩვენი ოპონენტების მიერ აწეული უსუსური მცდელობა წარმოაჩინონ ისე, თითქოს სახელმწიფო ვერ ან არ ებრძვის კრიმინალს".